მაკა ბოჭორიშვილი - პოლონეთში სკამი ცარიელი ერთადერთი მიზნით იყო, საქართველოში პოლიტიკური დღის წესრიგის საფუძველი რომ ყოფილიყო, ვიღაცას ამაზე ესაუბრა, დაწერილიყო, ამბავი მომხდარიყო
მაკა ბოჭორიშვილი - პოლონეთში სკამი ცარიელი ერთადერთი მიზნით იყო, საქართველოში პოლიტიკური დღის წესრიგის საფუძველი რომ ყოფილიყო, ვიღაცას ამაზე ესაუბრა, დაწერილიყო, ამბავი მომხდარიყო

ვინმე თუ წუხს, რომ საქართველოსთან დიალოგია საჭირო, არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენი სურვილი და ინტერესია ზუსტადაც დიალოგი, საუბარი იმ სერიოზულ საკითხებზე, რაც უკავშირდება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ვერ მოხდება მხოლოდ და მხოლოდ ცარიელი განცხადებებით, ამას სჭირდება მუშაობა, დიპლომატია, ევროკავშირთან დიალოგის საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე წარმართვა.

„ეს ცარიელი სკამი იყო ერთადერთი მიზნით, რომ ეს შემდგომ ყოფილიყო პოლიტიკური დღის წესრიგის საფუძველი საქართველოში, ვიღაცას ამაზე ესაუბრა, დაწერილიყო და ამბავი მომხდარიყო. ამას რეალურად სხვა მიზანი არ ამოქმედებდა. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ვერ მოხდება მხოლოდ და მხოლოდ ცარიელი განცხადებებით ვერავის მხრიდან, ვერც ჩვენი მხრიდან, ვერც მათი მხრიდან, ვერც რომელიმე პოლიტიკოსის მხრიდან. ამას სჭირდება მუშაობა, დიპლომატია, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე დიალოგის წარმართვა ევროკავშირთან. თუკი ევროკავშირი დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებასთან არ დაჯდება სასაუბროდ, რაზე ვსაუბრობთ, როგორ შეიძლება ვისაუბროთ ევროკავშირში გაწევრიანებაზე?“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს არ დაუმალავს, რომ სურს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე დიალოგი, რასაც, პირველ რიგში, პატივისცემა სჭირდება.

„თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რა მცდელობა შეიძლებოდა ჰქონოდა საქართველოს?! ხომ არ ჩავიდოდით და ძალით დავჯდებოდით სკამზე?! ამის მიზანი არ ყოფილა ამ შეხვედრაში საქართველოს მონაწილეობა. ამ ყველაფრის მიზანი იყო, რომ გაცხადებულიყო, რომ საქართველოს სკამი იყო ცარიელი და ამას ჰქონოდა შემდგომ რაღაც ეფექტი ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ დღის წესრიგზე. არ არის სერიოზული ასეთი მიდგომები, ეს შემიძლია ხმამაღლა განვაცხადო. ეს უბრალოდ არ არის სერიოზული, დაღვინებული პოლიტიკა, რაც შეიძლება ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა აკეთოს ან გააკეთოს. ამას სჭირდება სერიოზული მიდგომები, საუბარი. საქართველოს არ დაუმალავს, რომ ჩვენ გვსურს ევროკავშირთან დიალოგი იმაზე, რომ გაწევრიანდეს ევროკავშირში და რა თქმა უნდა, ამას სჭირდება, პირველ რიგში, პატივისცემა. ურთიერთპატივისცემის გარეშე ვერ მოხდება დიალოგი პარტნიორებს შორის. თუ ევროკავშირი ვერ გამონახავს ძალას საკუთარ თავში, რომ დაელაპარაკოს პარტნიორს, რა თქმა უნდა, საუბრის გარეშე ვერაფერი ვერ მოხდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს დიდხანს ასე არ გაგრძელდება, ეს არის სხვადასხვა გადმონაშთი, როდესაც რეალურად დავიწყებთ იმაზე ფიქრს, როგორი უნდა იყოს ევროპა მომავალში და თუ ევროპა მოიაზრებს, რომ უნდა იყოს ერთიანი, რა თქმა უნდა, ეს ერთიანობა ვერც საქართველოს გარეშე იქნება და ეს ყველაფერი ვერაფრით ვერ მოხერხდება საუბრის და დიალოგის გარეშე იმ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, გეოპოლიტიკაზე, რაც საქართველოს გარეშე ვერ მოხდება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.