მაკა ბოჭორიშვილი - პოლონეთისადმი პატივისცემის მიუხედავად, პოლონელი მინისტრის განცხადებები არასერიოზულია, არ შეიძლება, საერთაშორისო ურთიერთობა მხოლოდ განცხადებებით ვაკეთოთ
პოლონელების, პოლონეთის, როგორც სახელმწიფოს მიმართ ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, პოლონეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრის განცხადებები არასერიოზულია, არ შეიძლება, საერთაშორისო ურთიერთობა მხოლოდ განცხადებებით ვაკეთოთ, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „დღის თემაში“ სტრუმრობის დროს განაცხადა.
მაკა ბოჭორიშვილი გამოეხმაურა ვარშავაში ევროკავშირის ზოგად საკითხთა საბჭოს არაფორმალური შეხვედრის შემდეგ პოლონეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრის, ადამ შლაპკას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ „ოთახში ერთი ცარიელი სკამი იდგა, რომელიც საქართველოს ელოდებოდა. საქართველო თავისი სიტუაციიდან გამომდინარე და მისი ამჟამინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, არ მონაწილეობდა ამ შეხვედრაში. ჩვენ თითები გადაჯვარედინებული გვაქვს საქართველოსთვის და ვიმედოვნებთ, რომ მოგვიანებით საქართველოც შემოგვიერთდება“.
„პოლონელების, პოლონეთის, როგორც სახელმწიფოს მიმართ ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, პოლონეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრის განცხადებები არასერიოზულია, არ შეიძლება, საერთაშორისო ურთიერთობა მხოლოდ განცხადებებით ვაკეთოთ. როგორ შეიძლება, ვისაუბროთ დემოკრატიაზე/არადემოკრატიულობაზე თუკი დემოკრატიას უგულებელვყოფთ, თუკი საერთოდ არ აღიარებ დემოკრატიის მთავარ საფუძველს – ხალხს? ხალხი მივიდა არჩევნებზე, ხალხმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, გააკეთა არჩევანი და შენ გინდა, რომ არ სცე პატივი იმ არჩევანს, რომელიც ხალხმა გააკეთა, ისაუბრო დემოკრატიაზე და დემოკრატიულ პრინციპებზე“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, არსებობს ეუთო/ოდირის დასკვნა და არსად წერია, რომ არჩევნები გაყალბდა, არსად წერია, რომ არსებობს რაიმე საფუძველი, რომ ეს არჩევნები არ ჩაითვალოს, არსად წერია, რომ ვინმეს აქვს უფლება, უკარნახოს, რა უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა.
„ეს არის ისევ და ისევ მანიპულაცია გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან, იმ ინსტიტუტების უპატივცემულობა, რომლებიც, წესით, არიან იმისთვის შექმნილი, რომ დემოკრატიულ პროცესებს ადევნონ თვალი, ამ შემთხვევაში ეუთო/ოდირზე მაქვს საუბარი. თავად ზოგიერთი ევროპელი ლიდერი, ბრიუსელი ძალიან ხშირად კითხვის ნიშნებს უსვამს იმ ინსტიტუტებს, რომლებიც შექმნილია იმისთვის, რომ დემოკრატიის სადარაჯოზე იდგეს. ძალიან სამწუხაროა ამის ყურება. ეუთო/ოდირს აქ მისია ჰყავდა, გააკეთეს დასკვნა, რომელსაც არ უთქვამს, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბებულია. მსგავსი შეფასებები არცერთ დასკვნაში არ წერია. თქვენ ნახავთ ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნების დასკვნასაც, არც იქ წერია, არც მოლდოვის დასკვნაში წერია, არც სხვა დასკვნებში წერია მსგავსი ფრაზა. ამაზე აპელირება არის აბსოლუტურად უადგილო. არავის დაუსვამს კითხვა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, იყო თუ არა ის ლეგიტიმური და იყო თუ არა ლეგიტიმური არჩევანი, რომელიც ამერიკელმა ხალხმა გააკეთა“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, ეს არის სასოწარკვეთილი მცდელობები, იმ მიზნის გამოძახილი, რომლის მცდელობას ადგილი ჰქონდა 2020, 2024 წლებში, რაც ხელსიუფლების ცვლილებას გულისხმობდა.
„ეს არის სასოწარკვეთილი მცდელობები, რაღაც იპოვონ, რადგან მიზანი, რაც არსებობდა ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში – ხელისუფლების ცვლილება – არ გამოვიდა. არ გამოვიდა 2020 წელს, არ გამოვიდა არც 2024 წელს, ამით ძალიან იმედგაცრუებულია ზუსტად ის საზოგადოება, რომელსაც სურდა, ეს მიზანი ყოფილიყო მიღწეული საქართველოსთან მიმართებაში. ამ მოძრაობის ბოლო შედეგებს ვხედავთ და ეს არის ზუსტად ამ მიზნის გამოძახილი, მისი ვერგანხორციელების, რასაც ჩვენ ვაკვირდებით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.