მაკა ბოჭორიშვილი - ოპოზიციამ სანქციების თემა საერთაშორისო არენაზე საქართველოს გაშავებისთვის გამოიყენა, ამ სპეკულაციებს სანქციების საკითხებზე მომუშავე დელეგაციის წევრთა ვიზიტმა წერტილი დაუსვა
მაკა ბოჭორიშვილი - ოპოზიციამ სანქციების თემა საერთაშორისო არენაზე საქართველოს გაშავებისთვის გამოიყენა, ამ სპეკულაციებს სანქციების საკითხებზე მომუშავე დელეგაციის წევრთა ვიზიტმა წერტილი დაუსვა

სანქციების საკითხებზე მომუშავე დელეგაციის წევრთა ვიზიტმა სპეკულაციებს წერტილი დაუსვა, არანაირი შავი ხვრელი არ არსებობს საქართველოში და არც იარსებებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ოპოზიციამ სანქციების თემა საერთაშორისო არენაზე საქართველოს გაშავებისთვის გამოიყენა. ბოჭორიშვილის განცხადებით, ისინი ცდილობენ, საქართველო წარმოაჩინონ შავ ხვრელად და აჩენენ მცდარ წარმოდგენებს საკუთარი ქვეყნის შესახებ.

„ზოგადად, კარგია, რომ ჯგუფმა შეაფასა საქართველოსთან თანამშრომლობა სანქციების შესრულების კუთხით. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რასაც ერთი წელია, ვამბობთ, რომ საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ არ უერთდება ევროკავშირის სანქციებს, ყველაფერს აკეთებს, რათა ჩვენი ქვეყნის გავლით არ მოხდეს სანქციებისთვის თავის არიდება. ამას სჭირდება სახელმწიფო უწყებების ძალიან დიდი ძალისხმევა, ძალიან მობილიზებული მუშაობა, რასაც ჩვენი სახელმწიფო უწყებები აკეთებენ. შესაბამისად, შესაბამისი პირების მიერ იყო ეს სამუშაო კარგად შეფასებული და დანახული“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს პარტნიორებთან თანამშრომლობა, ვინაიდან წესდება სანქციების სხვადასხვა პაკეტი და ვრცელდება სანქციების შესრულებაზე სხვადასხვა წესი.

„აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ეს თანამშრომლობა გაგრძელდეს და მაქსიმალურად ვეცადოთ, ჩვენს პარტნიორებთან გვქონდეს კარგი კოორდინირებული მუშაობა.

სამწუხაროდ, ეს სანქციების თემა ჩვენმა ოპოზიციამ გამოიყენა საერთაშორისო არენაზე საქართველოს გაშავებისთვის. არაერთხელ მოგვისმენია, მეც მიმიღია ის კითხვები ჩვენი პარტნიორებისგან, რას ვაკეთებთ სანქციების დაცვისთვის შესრულების კუთხით. ეს არის ის ეფექტი, რაც აქვს ჩვენი ოპოზიციის ქმედებებს საქართველოში, როდესაც ისინი ცდილობენ, საქართველო წარმოაჩინონ შავ ხვრელად და აჩენენ ამ მცდარ წარმოდგენებს საკუთარი ქვეყნის შესახებ, რაც არის ძალიან სამწუხარო. ეს ყველა კითხვის ნიშანი, რაც კი შეიძლება, ჩნდებოდეს ჩვენი ქვეყნის გარეთ საქართველოსთან მიმართებით, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს ხოლმე, სწორედ არის შედეგი იმ განცხადებების, რაც კეთდება საქართველოში ჩვენი პოლიტიკოსების მხრიდან, ოპოზიციიდან. ამ სპეკულაციებს ამ შეხვედრებითა და ამ ვიზიტით დაესვა წერტილი. ძალიან კარგია, რომ ეს მოხდა, ვინაიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო მზად არის, ითანამშრომლოს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და თანამშრომლობს კარგად. არანაირი შავი ხვრელი, რომელზედაც ასე ხელაღებით აპელირებენ ყოველგვარი საბუთისა და მტკიცებულებების გარეშე, არ არსებობს საქართველოში და არც იარსებებს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს 26 ივნისს ეწვივნენ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’ სალივანი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორი კუმარ აიერი.

ვიზიტის ფარგლებში, ჯიმ ო’ბრაიენმა და კუმარ აიერმა დღეს ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ჯიმ ო’ბრაიენმა დღეს აღნიშნა: „საქართველოში შეხვედრები კარგად ასახავს მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც გვაქვს მთავრობასა და სხვადასხვა სააგენტოსთან, ჩვენი მიზანია, გავაგრძელოთ თანამშრომლობა“. ამასთან, კუმარ აიერის თქმით, „მადლობელი ვართ ყველა ნაბიჯის გამო, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ გადაიდგა სანქციების გვერდის ავლის აღკვეთისთვის“.

ვიზიტის ფარგლებში გამართულ ბრიფინგზე სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა აღნიშნა, „დავრწმუნდით, რომ საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად უდგება საკითხს, ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის, ქვეყანას პოზიტიური შთაბეჭდილებით ვტოვებთ“.