მაკა ბოჭორიშვილი - ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის საქართველოს დიდი გამარჯვება, ხელისუფლების მუშაობა კარგად ჩანს იმ გადაწყვეტილებებში, რაც საერთაშორისო დონეზე ხორციელდება
მაკა ბოჭორიშვილი - ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის საქართველოს დიდი გამარჯვება, ხელისუფლების მუშაობა კარგად ჩანს იმ გადაწყვეტილებებში, რაც საერთაშორისო დონეზე ხორციელდება

საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ჰააგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის საქართველოს დიდი გამარჯვება.

როგორც ჟურნალისტებს ბოჭორიშვილმა განუცხადა, ამ პროცესში საქართველოს ხელისუფლების მუშაობა და მის მიერ განხორციელებული ნაბიჯები კარგად ჩანს იმ გადაწყვეტილებებში, რაც საერთაშორისო დონეზე იდგმება და ხორციელდება.

„ეს არის ჩვენი დიდი გამარჯვება და დიდი წარმატება“, – დასძინა ბოჭორიშვილმა.

აგვისტოს ომის დროს ქართველი სამოქალაქო ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ეპიზოდზე სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა სამი პირის მიმართ დაკავების ბრძანებები გამოსცა. პროკურორმა დაპატიმრების ორდერის გაცემა მოითხოვა შემდეგ პირებზე: მიხაილ მინძაევი 2005 წლიდან 2008 წლის ოქტომბრამდე ე.წ. სამხრეთ ოსეთის „შინაგან საქმეთა მინისტრი“ იყო. გამლეტ გუჩმაზოვი ე.წ. სამხრეთ ოსეთის „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ წინასწარი დაკავების იზოლატორის უფროსი იყო, ხოლო დავიდ სანაკოევი ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტის“ წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში.