მაიმუნებმა პალმის ზეთის პლანტაციებში ვირთხების ჭამა დაიწყეს
მაიმუნებმა პალმის ზეთის პლანტაციებში ვირთხების ჭამა დაიწყეს

ღორისკუდა მაკაკას პალმის ზეთის პლანტაციებში ტკბილი ხილის ხრამუნი ყველაფერს ურჩევნია. თუმცა, როგორც ჩანს, ის არც ახლად ნანადირევ ვირთხებზე ამბობს უარს.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მაიმუნები საკმაოდ სასურველი სტუმრები არიან მალაიზიის პალმის ზეთის პლანტაციებში. მართალია, ეს მაიმუნები თითო-ოროლა ხილს იპარავენ, მაგრამ ეს უბრალოდ არაფერია მღრღნელების მხრიდან მიყენებულ ზიანთან შედარებით.

გასული ექვსი წლის განმავლობაში, მალაიზიელი და გერმანელი მეცნიერები სეგარი-მელინტანგის ტყის ნაკრძალში ახლოდან აკვირდებოდნენ სამხრეთულ ღორისკუდა მაკაკების (Macaca nemestrina) ორ სახეობას.

აღმოჩნდა, რომ მაკაკები საკმაოდ კარგად ეგუებიან ნაკრძალის გარშემო გაშენებულ პალმის ზეთის პლანტაციას.

ფერმერებს შეიძლება სულაც არ ახარებთ პლანტაციაში მათი შეჭრა, მაგრამ მაკაკებისთვის პალმები ნამდვილი სავაჭრო ცენტრებია — ეს მახინჯი მონოკულტურა მათ საკმაოდ იაფ საკვებს სთავაზობს.

მაკაკები პლანტაციებში დღეში რამდენიმე საათს ატარებდნენ, მათი კვებისათვის საჭირო დროის თითქმის ნახევარს.

მეცნიერებს სულაც არ გაკვირვებიათ, როცა ხედავდნენ, როგორ ჩამოდიოდნენ ხეებიდან პალმის ნაყოფით დატვირთული მაკაკები. ნამდვილად შოკისმომგვრელი აღმოჩნდა სულ სხვა რამ — მაიმუნები ხეებზე ვირთხებს იჭერდნენ.

მალაიზიის მეცნიერებათა უნივერსიტეტის ეკოლოგის, ნადინ რუპერტის განცხადებით, ის გაკვირვებული დარჩა, როცა შეამჩნია, რომ პლანტაციებში მაკაკები ვირთხებით იკვებებოდნენ.

მისი თქმით, ის საერთოდ არ ელოდა, რომ მაკაკები ამდენ ხორცს ჭამდნენ. ცნობილია, რომ ეს პრიმატები ძირითადად ხეების ნაყოფით იკვებებიან, ხანდახან კი უარს არც პატარა ჩიტებსა და ხვლიკებზე ამბობენ.

დაკვირვებებმა წარმოშვა საინტერესო კითხვა — მაიმუნები ფერმერებისთვის მტრები არიან თუ მცირე გასამრჯელოს სანაცვლოდ ასრულებენ მავნებლების საწინააღმდეგო ძვირადღირებულ სერვისს?

გამოთვლების საფუძველზე მკვლევრებმა დაადგინეს, რომ წელიწადში მაიმუნები დაახლოებით 12 ტონა პალმის ნაყოფს ჭამენ. ეს მაჩვენებელი კი მხოლოდ ნახევარი პროცენტია მაიმუნების მშობლიური მიდამოს ირგვლივ გაშენებულ პლანტაციაზე მოწეული პალმის ნაყოფისა.

გარდა ამისა, ეს რიცხვი არაფერია ვირთხებისგან მიყენებულ ზიანთან შედარებით, რადგან ეს მღრღნელები პლანტაციის მოსავლის დაახლოებით 10 პროცენტს ანადგურებენ.

ერთი ან ორი ვირთხის დაჭერის შემთხვევაში, ზიანს შორის სხვაობა დიდი არ იქნებოდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მაკაკები საკმაოდ დიდი ოდენობით ვირთხებს ჭამენ.

ლაიფციგის უნივერსიტეტის ანთროპოლოგ ანა ჰოლცნერის განცხადებით, ღორისკუდა მაკაკების ერთი ჯგუფი პალმის ხის ფესვებში გათხრილ სოროებში წელიწადში 3000-ზე მეტ ვირთხას იჭერს.

ვირთხისმჭერი მაიმუნების მშიერი პოპულაციის პლანტაციაში რეგულარულ ვიზიტს ამ 10-პროცენტიანი დანაკარგის შემცირება 2 პროცენტამდე შეუძლია.

რა თქმა უნდა, ამას უნდა დაემატოს თავად მაიმუნების მიერ შეჭმული 0,56 პროცენტიც. მაგრამ ბევრი ანგარიში არ სჭირდება იმის დანახვას, რომ დანაკარგი მხოლოდ 3 პროცენტამდე მცირდება.

პალმის ზეთის პლანტაციები დიდი ბიზნესია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, მაგრამ ის საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს გარემოს.

იმის სტიმული, რომ ეს პლანტაციები ველური ბუნების ერთგვარ კორიდორად გადაიქცეს, ალბათ ამ ინდუსტრიას ოდნავ მაინც აღუდგენს გარემოსადმი მიყენებული ზიანის გამო შელახულ რეპუტაციას.

კვლევა ჟურნალ Current Biology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.