მაიკ პომპეო უახლოეს მომავალში ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის მოლაპარაკების განახლების იმედს გამოთქვამს
მაიკ პომპეო უახლოეს მომავალში ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის მოლაპარაკების განახლების იმედს გამოთქვამს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო უახლოეს მომავალში ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის მოლაპარაკების განახლების იმედს გამოთქვამს.

მაიკ პომპეოს განცხადებით, აშშ-ის ხელისუფლება მხარეებს შორის დიალოგის საფუძვლის ჩაყრაზე ჰანოის სამიტის შემდეგ მუშაობს. აღნიშნული სამიტის დროს აშშ-ის და ჩრდილო კორეის ლიდერების მეორე შეხვედრა ჩატარდა, რომელიც შედეგების გარეშე დასრულდა.

​მაიკ პომპეოს თქმით, ორივე მხარე ამჟამად ურთიერთობების საუკეთესო პოზიციაზეა, ხოლო დონალდ ტრამპის წერილზე კიმ ჩენ ინის რეაქცია აჩვენებს, რომ ორ ქვეყანას შორის სამუშაო დონეზე კონტაქტების განახლება რეალურად შესაძლებელია.

ჩრდილოეთ კორეის მედიის ინფორმაციით, კიმ ჩენ ინმა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან წერილი მიიღო. კიმ ჩენ ინმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ გაგზავნილი წერილი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ აუცილებლად იფიქრებს იმაზე, რაზეც წერილშია საუბარი. წერილის შინაარსი უცნობია.

აშშ-ის და ჩრდილო კორეის ლიდერებს შორის პირველი ისტორიული სამიტი 2018 წელს ჩატარდა.