მაიკ ჯონსონი - უპირველესად, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ აშშ-ის საჭიროებებზე, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს ღია საზღვრებზე
მაიკ ჯონსონი - უპირველესად, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ აშშ-ის საჭიროებებზე, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს ღია საზღვრებზე

აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ, პირველ რიგში, აშშ-ის საჭიროებებზე ზრუნვაა საჭირო.

„უპირველესად, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ აშშ-ის საჭიროებებზე. ამერიკის საჭიროებებზე როდესაც ვსაუბრობთ, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვისაუბროთ ჩვენს ღია საზღვრებზე“, – აღნიშნა ჯონსონმა.

მისივე თქმით, ქვეყნისთვის პრიორიტეტულია მთავრობის დაფინანსების საკითხი.

„ჩვენ გვჯერა, შეგვიძლია, მივაღწიოთ შეთანხმებას ამ საკითხებზე და თავიდან ავიცილოთ მთავრობის „შათდაუნი“. ეს ჩვენი პირველი პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.

ამასთან, ჯონსონმა ყურადღება გაამახვილა უკრაინისა და ისრაელის დახმარების პაკეტზეც და დასძინა, რომ წარმომადგენელთა პალატა აქტიურად იძიებს და შეისწავლის ყველა ვარიანტს ამ საკითხთან დაკავშირებით.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მთავრობის დაფინანსების საკითხზე ისაუბრა სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმაც და განაცხადა, რომ ლიდერები პროგრესს აღწევენ.

მან უკრაინის დახმარებაზეც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური შეხვედრა იყო.

„უკრაინის შესახებ შეხვედრა ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური იყო, რაც კი ოდესმე მინახავს ოვალურ კაბინეტში. ნათლად ავხსენით, რამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ეს შეერთებული შტატებისთვის, რომ ჩვენ არ შეგვეძლო ლოდინი ერთი, ორი ან სამი თვის განმავლობაში, რადგან, დიდი ალბათობით, ომს წავაგებდით. ნატო, საუკეთესო შემთხვევაში, დაიშლებოდა“, – აღნიშნა შუმერმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კომენტარი კონგრესის დემოკრატ და რესპუბლიკელ ლიდერებთან შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა და ყურადღება რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის, ე.წ. შათდაუნზე, უკრაინისა და ისრაელის დახმარებაზე გაამახვილა. როგორც ბაიდენმა აღნიშნა, „კონგრესის პასუხისმგებლობაა მთავრობის დაფინანსება, „შათდაუნი“ მნიშვნელოვნად დააზარალებს ეკონომიკას და ორპარტიული გადაწყვეტილებებია საჭირო“.