მაია სანდუ აცხადებს, რომ უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე, საერთაშორისო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე რუსეთის იერიშის შემდეგ ოფიციალური კიშინეუ იძულებული გახდა, საჰაერო სივრცე დროებით დაეკეტა
მოლდოვისა და უკრაინის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „სტაროკოზაჩეზე“ იერიშს მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ გამოეხმაურა. მისი თქმით, 8 სექტემბრის ღამით ოფიციალური კიშინეუ იძულებული გახდა, საჰაერო სივრცე დაეკეტა.
„გუშინ რუსულმა დრონმა გვაიძულა, დროებით დაგვეკეტა ჩვენი საჰაერო სივრცე. დღეს რუსეთი იმ წერტილებს ურტყამს, საიდანაც ადამიანები მოლდოვაში გადადიან“, – წერს მაია სანდუ.
მოლდოვის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად უკრაინის ცა დაცული უნდა იყოს და ოფიციალური კიევისთვის საჰაერო თავდაცვითი უზრუნველყოფა აუცილებელია.
„რუსეთის ფრონტის ხაზი დასავლეთისკენ მიდის, ამიტომ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვა გადაუდებელია“, – განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, რუსეთმა ოდესის ოლქში, მოლდოვის საზღვართან მდებარე საერთაშორისო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „სტაროკოზაჩეზე“ იერიში მიიტანა. შემთხვევას, სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა.