რუსეთმა უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე მდებარე საერთაშორისო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე იერიში მიიტანა, დაღუპულია, სულ მცირე, ორი ადამიანი
რუსეთმა ოდესის ოლქში, მოლდოვის საზღვართან მდებარე საერთაშორისო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „სტაროკოზაჩეზე“ იერიში მიიტანა, დაღუპულია, სულ მცირე, ორი ადამიანი, არიან დაშავებულები.
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სამხრეთ რეგიონული სამმართველოს ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე იერიში დრონებით მიიტანეს.
„დღეს ღამით რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს სასაზღვრო ინფრასტრუქტურას. ამჯერად მტერმა დარტყმა მოლდოვის საზღვართან მდებარე საერთაშორისო საავტომობილო გამშვებ პუნქტ „სტაროკოზაჩეს“ მიაყენა“, – აცხადებენ უკრაინის სასაზღვრო სამსახურში.
დარტყმის შედეგად დაზიანდა სხვადასხვა ნაგებობა, განადგურდა სამგზავრო ავტობუსები, სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები. ადგილზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმისას სამი ადამიანი დაშავდა. დაზარალებულებს შორის არიან გამშვები პუნქტის მიმდებარედ მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეები.
„სტაროკოზაჩეს“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე სატრანსპორტო საშუალებების მიმოსვლა შეჩერებულია. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია მოლდოვაც.