მაია ცქიტიშვილი - წარვადგენთ მიზნობრივ პაკეტს უშუალოდ იმ ადამიანებისა და სექტორების დასახმარებლად, რომლებიც დაზარალდნენ არსებული რეალობის შედეგად
მაია ცქიტიშვილი - წარვადგენთ მიზნობრივ პაკეტს უშუალოდ იმ ადამიანებისა და სექტორების დასახმარებლად, რომლებიც დაზარალდნენ არსებული რეალობის შედეგად

წარვადგენთ მიზნობრივ პაკეტს უშუალოდ იმ ადამიანებისა და სექტორების დასახმარებლად, რომლებიც დაზარალდნენ არსებული რეალობის შედეგად, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა ეკონომიკური გუნდის მინისტრების პრემიერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ვიცე-პრემიერისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თქმით, აუცილებელია ყველა ღონისძიების დაცვა, რათა ძალიან სწრაფად გადაილახოს კრიზისი, რომელიც მთელს მსოფლიოშია.

„ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს დღეს გვქონდა შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან, სადაც განვსაზღვრეთ ის პრიორიტეტული სექტორები, რომელებიც ყველაზე ძალიან დაზიანდნენ კორონავირუსის ეპიდემიის შედეგად.

უახლოეს მომავალში ჩვენ წარვადგენთ იმ პაკეტს, რომელიც იქნება მიზნობრივი, პირდაპირი და კონკრეტული და რომელიც იქნება მიმართული უშუალოდ იმ ადამიანების და იმ სექტორების დასახმარებლად, რომლებიც დაზარალდნენ არსებული რეალობის შედეგად. ჩვენ ვხედავთ იმას, რომ აუცილებელია გარკვეული შემზღუდავი ღონისძიებების მიღება. მოგეხსენებათ, რომ გუშინ გაიცა მთავრობიდან რეკომენდაცია დამატებითი საცალო ვაჭრობის ობიექტების მუშაობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, რაც აუცილებელი არის, რომ შევანელოთ ეპიდემიის გავრცელება, შევამციროთ რისკი ჩვენს ეკონომიკაზე.

ასეთი ტიპის შემზღუდავი ღონისძიებების გარეშე გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე იქნება კიდევ უფრო დიდი. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო მოსახლეობასაც და ჩვენს ბიზნესსექტორსაც, რომ აუცილებელია ყველა ღონისძიების დაცვა, რათა ძალიან სწრაფად შევამციროთ შესაძლო რისკები, სწრაფად გადავლახოთ ის კრიზისი რომელიც მთელ მსოფლიოშია და მივცეთ ჩვენს ეკონომიკას შესაძლებლობა, უფრო სწრაფად აღდგეს, დაუბრუნდეს ნორმალურ ფუნქციონირებას და დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.