მარიამ ქვრივიშვილი – მუდმივ რეჟიმში ვთანამშრომლობთ პარტნიორებთან, მათთან ერთად გავწერეთ საერთო რეგიონული აქტივობები, რათა შუა დერეფანმა 2029 წლისთვის შეძლოს დაახლოებით 30 მილიონი ტონა ტვირთის გატარება
ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ პარტნიორ ქვეყნებთან შუა დერეფნის კონტექსტში: ეს გახლავთ ყაზახეთი, აზერბაიჯანი, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედს“ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განუცხადა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ, პარტნიორებთან ერთად, უკვე გაწერილია გეგმა, რომელიც 2029 წლისთვის შუა დერეფანში 30 მილიონი ტონა ტვირთის გატარებას ითვალისწინებს.
„მუდმივ რეჟიმში ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან და მათთან ერთად გავწერეთ საერთო რეგიონული აქტივობები იმისთვის, რომ შუა დერეფანმა 2029 წლისთვის შეძლოს დაახლოებით 30 მილიონი ტონა ტვირთის გატარება. აქ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის როლი არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, სწორედ ასე გაიწერა ჩვენი მეტ-ნაკლებად მოკლე და საშუალოვადიანი გეგმა 2029 წლამდე, რისთვისაც სახელმწიფო ზოგადად სატრანსპორტო სექტორში დაახლოებით შვიდი მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, რაც, თავის მხრივ გულისხმობს ინვესტირებას და ინფრასტრუქტურის განვითარებას საპორტო, სარკინიგზო, სახმელეთო და საავიაციო სატრანსპორტო მიმართულებით“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.