მაია ცქიტიშვილი - პრემიერის შეცვლაზე მუდმივი ჭორები ემსახურება მხოლოდ იმას, რომ მოსახლეობას შეუქმნას არასტაბილურობის განცდა
მაია ცქიტიშვილი - პრემიერის შეცვლაზე მუდმივი ჭორები ემსახურება მხოლოდ იმას, რომ მოსახლეობას შეუქმნას არასტაბილურობის განცდა

შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ამ ეტაპზე არანაირ სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი არ არის, – ამის შესახებ  ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია, მიიღოს ნებისმიერი სახის საკადრო გადაწყვეტილება.

ცქიტიშვილის განცხადებით, თუ ასეთი საკადრო გადაწყვეტილება პრემიერის მიერ იქნება მიღებული, ამის შესახებ საზოგადოებას ეცნობება.

„დღეს პრემიერ-მინისტრმა უკვე გააკეთა კომენტარი. ბატონი დავითი არის ჩვენი გუნდის წევრი. ნებისმიერი საკადრო გადაწყვეტილების შემთხვევაში, პრემიერი დაგპირდათ, რომ თქვენ იქნებით ინფორმირებული. ნებისმიერი სახის ინტერპრეტაციას საერთოდ გამოვრიცხავ, პასუხი გაგეცით ასეთი სახით, რომ პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია, მიიღოს ნებისმიერი სახის საკადრო გადაწყვეტილება. თუ ასეთი საკადრო გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის მიერ იქნება მიღებული, ამის შესახებ ეცნობება საზოგადოებას“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტებმა მაია ცქიტიშვილს პრემიერ-მინისტრად მის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით ჰკითხეს.

„ამ საკითხზეც მეც და ბატონმა მამუკამაც, არაერთხელ გავაკეთეთ კომენტარი. მე ამას დავამატებ იმას, რომ ასეთი მუდმივი ჭორები, ასეთი მუდმივი ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება, ნებისმიერ კონტექსტში ემსახურება მხოლოდ იმას, რომ მოსახლეობას შეუქმნას არასტაბილურობის განცდა, ეს არ ეყრდნობა არანაირ ინფორმაციას. ეს არის ჭორი, ზოგიერთ შემთხვევაში პოლიტიკურად მოტივირებული, ზოგჯერ სხვა მიზეზების გამო. ამ ეტაპზე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ არანაირ ცვლილებებზე საუბარი არ არის“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.

მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ დავით სერგეენკო იყო, არის და მუდმივად იქნება მათი გუნდის ერთგული და წარმატებული წევრი. კითხვაზე, ტოვებს თუ არა თანამდებობას დავით სერგეენკო, მამუკა ბახტაძემ აღნიშნა: „მოვლენებს წინ არ გავუსწროთ“.