მაია ცქიტიშვილი - საქართველოს ყველა სფეროში აქვს წინსვლა, როგორც საერთაშორისო რეიტინგებში, ასევე იმ მაჩვენებლებში, რომლებიც განსაზღვრავენ ეკონომიკურ მდგრადობას
მაია ცქიტიშვილი - საქართველოს ყველა სფეროში აქვს წინსვლა, როგორც საერთაშორისო რეიტინგებში, ასევე იმ მაჩვენებლებში, რომლებიც განსაზღვრავენ ეკონომიკურ მდგრადობას

ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევა, სადაც საქართველო დაწინაურდა და ორჯერ გააუმჯობესა პოზიციები ნიშნავს იმას, როგორც არის შეფასებული რეფორმები, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, საქართველოს პრაქტიკულად ყველა სფეროში აქვს წინსვლა, როგორც საერთაშორისო რეიტინგებში, ასევე უშუალოდ იმ მაჩვენებლებში, რომლებიც განსაზღვრავენ ეკონომიკურ მდგრადობას.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. ამაზე მეტყველებს დღეს გამოქვეყნებული რეიტინგიც, სადაც საქართველო დაწინაურდა და პრაქტიკულად ორჯერ უფრო გააუმჯობესა პოზიციები, 27-ე ადგილზეა და რა თქმა უნდა, ესეც არის მაგალითი, როგორ არის შეფასებული ის რეფორმები, რაც ხორციელდება და ეს რეფორმები უკვე აისახება საერთაშორისო შეფასებებში. აქ შეფასება გაკეთდა როგორც ეკონომიკური თავისუფლების მიმართულებით, ასევე ზრდის დინამიკასთან მიმართებაში, ასევე ჩვენი ინსტიტუციების სიძლიერის თვალსაზრისით. ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის შეფასებულია არა მარტო ეკონომიკური რეფორმებია შეფასებული დადებითად, არამედ სასამართლო სფეროში მიმდინარე რეფორმებიც“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მიერ წარმოებული ინდექსის „თავისუფლების ბარომეტრი – ევროპა 2019“ მიხედვით, საქართველო ევროპის 45 ქვეყანას შორის 27-ე ადგილზე გავიდა და შეფასების 100-ბალიანი შკალიდან 69.06 ქულა მიიღო. გასულ წელთან შედარებით, საქართველოს მაჩვენებელი 4,95 ქულით არის გაუმჯობესებული, რეიტინგში კი ერთი საფეხურით წინსვლა აქვს.