ევროპის 2019 წლის „თავისუფლების ბარომეტრში“ საქართველო ერთი საფეხურით დაწინაურდა და 27-ე ადგილზე გავიდა
ევროპის 2019 წლის „თავისუფლების ბარომეტრში“ საქართველო ერთი საფეხურით დაწინაურდა და 27-ე ადგილზე გავიდა

ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მიერ წარმოებული ინდექსის „თავისუფლების ბარომეტრი – ევროპა 2019“ მიხედვით, საქართველო ევროპის 45 ქვეყანას შორის 27-ე ადგილზე გავიდა და შეფასების 100-ბალიანი შკალიდან 69.06 ქულა მიიღო. გასულ წელთან შედარებით, საქართველოს მაჩვენებელი 4,95 ქულით არის გაუმჯობესებული, რეიტინგში კი ერთი საფეხურით წინსვლა აქვს.

საქართველომ გაუსწრო ევროკავშირის წევრ ისეთ სახელმწიფოებს, როგორებიცაა: იტალია, ხორვატია, ბულგარეთი, საბერძნეთი, უნგრეთი. საქართველო რეიტინგით ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, ხოლო პოსტსაბჭოთა სივრცეში მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება.

აღსანიშნავია, რომ ამავე კვლევის თანახმად, საქართველო პირველ ადგილზე გავიდა ეკონომიკის თავისუფლების ინდიკატორის მიხედვით. კვლევაში ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ საქართველო არა მხოლოდ პირველ ადგილზეა ეკონომიკის თავისუფლების მიხედვით ევროპაში, არამედ ლიდერია ეკონომიკის თავისუფლების გაუმჯობესების მიხედვითაც.

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, რომელმაც 2019 წელს ეკონომიკის თავისუფლების ინდიკატორის ერთპუნქტიანი გაუმჯობესება შეძლო, ნახევარპუნქტიანი გაუმჯობესება კი მხოლოდ ორმა ქვეყანამ (იტალია, სომხეთი) მოახერხა. ეკონომიკური თავისუფლების კუთხით, საქართველოს კლება აქვს მხოლოდ საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლების მხრივ. ამ ინდიკატორის მიხედვით, საქართველოს 8,86 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით, 0,08 ქულით ნაკლებია.

რაც შეეხება პოლიტიკურ თავისუფლებებს, ამ მხრივ საქართველო 35-ე ადგილზეა. კვლევაში გამორჩეული ადგილი უჭირავს საქართველოში პრესის თავისუფლების საკითხს, რომელიც, ანგარიშის თანახმად, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. ამ მხრივ საქართველოს ქულა 2,10-ით გაზრდილია და 7,10-ს შეადგენს. კლებაა თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების ინდიკატორში. ეს მაჩვენებელი 0.36-ით არის შემცირებული და 6,43-ს შეადგენს.

კანონის უზენაესობის მხრივ, საქართველო 29-ე ადგილზეა. აქ ჩვენს ქვეყანას წინსვლა აქვს სამივე – სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, კორუფციისა და ადამიანის უფლებების დაცვის, მაჩვენებლის მიხედვით. კანონის უზენაესობის მიხედვით, საქართველო ევროპაში 29-ე ადგილზე გავიდა და გაუსწრო ევროკავშირის წევრ სამ ქვეყანას: რუმინეთს, საბერძნეთსა და ბულგარეთს. ამ მაჩვენებლით საქართველო ლიდერია კავკასიასა და შავიზღვისპირეთში. პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება.

დატოვე კომენტარი