მაია ცქიტიშვილი - ოპოზიციის დევნა ნანახი გვაქვს 2012 წლამდე
მაია ცქიტიშვილი - ოპოზიციის დევნა ნანახი გვაქვს 2012 წლამდე

ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დაკავება პოლიტიკური დევნა არ არის.

„რა თქმა უნდა, ეს არ არის ოპონენტების დევნა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ ეს პირები პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს და ერთ საათში თუ კიდევ უფრო ნაკლებ დროში გაათავისუფლეს. ოპოზიციის დევნა ნანახი გვაქვს 2012 წლამდე და თუ შეადარებთ ფაქტებს, თქვენთვისაც ყველაფერი ნათელი გახდება“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ზუგდიდში გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ სამი წევრი – პარტიის პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია, ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანი წითლიძე, ასევე  პარტიის ერთ-ერთი წევრი მანუჩარ ჩხეტია დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავა. მოგვიანებით, პოლიციამ პატარაია და წითლიძე გაათავისუფლა, ხოლო მანუჩარ ჩხეტია წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.