მაია ცქიტიშვილი - მინდა, მადლობა გადავუხადო პოლიციელებს, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში იცავდნენ ჩვენი თანამოქალაქეების სიმშვიდეს
მაია ცქიტიშვილი - მინდა, მადლობა გადავუხადო პოლიციელებს, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში იცავდნენ ჩვენი თანამოქალაქეების სიმშვიდეს

სახელმწიფოს მოვალეობაა სათანადო რეაგირება და სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე პასუხისმგებლობის უზრუნველყოფა, რაც უკვე მოხდა და ასევე გაგრძელდება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინოთეატრებში ჩვენებისას განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

„ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია და, რა თქმა უნდა, დასაგმობია. მინდა, მადლობა გადავუხადო პოლიციელებს იმისთვის, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში იცავდნენ ჩვენი თანამოქალაქეების სიმშვიდეს. შესაბამისი რეაგირებაც იყო ძალადობის ფაქტებზე. 27 დაკავებული საკმაოდ დიდი რაოდენობაა, პარალელურად მიმდინარეობს გამოძიება და უნდა ველოდოთ შესაბამის რეაგირებას. ასეთი სახის აგრესიის გამოხატვა სრულიად მიუღებელია. ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც ძალიან მკაფიოდ არის დაცული გამოხატვისა და აზრის თავისუფლება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტრადიციული ფასეულობების დაცვა, ქრისტიანული ტოლერანტობის და ადამიანის თავისუფლების პატივისცემა, რაც ჩვენი კულტურის ნაწილია“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

საქართველოში გუშინ ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა გაიმართა. ფილმის ჩვენება ბიზსმენმა ლევან ვასაძემ; „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“  თავმჯდომარე  გურამ ფალავანდიშვილმა; ყოფილმა დეპუტატმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ; „ქართულმა მარშმა“ და მათმა თანამოაზრეებმა გააპროტესტეს. თბილისის კინოთეატრებთან, ასევე ბათუმში საპროტესტო აქციები გაიმართა.

აქციებზე რამდენიმე ინციდენტი და შეხლა-შემოხლა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 27 პირი, ფილმის ჩვენებისას ოთხ ინციდენტზე მიმდინარეობს გამოძიება და ასევე, ფოტო-ვიდეო მასალების დამუშავება. მათ შორის მიმდინარეობს გამოძიება კინოთეატრ „ამირანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ანა სუბელიანის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ აღნიშნული ქმედების ჩამდენი პირის ვინაობა შემთხვევის ადგილზევე დაადგინა და 1984 წელს დაბადებული შ.შ. ბრალდებულის სახით დააკავა.

ინციდენტების დროს დაშავდა ორი სამართალდამცველი, რომლებსაც საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ. ასევე დაზიანდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტომობილი.

ამასთან, შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 8 ნოემბერს, თბილისსა და ბათუმში, ექვს კინოთეატრში დაგეგმილ​ი ყველა კინოჩვენება დაანონსებული დროის შესაბამისად გაიმართა.