მაია ცქიტიშვილი - ხშირად მოგვისმენია ისტორიის დამახინჯება, ყველამ ვიცით, რომ საქართველოს ისტორია 1918 წელს არ დაწყებულა
მაია ცქიტიშვილი - ხშირად მოგვისმენია ისტორიის დამახინჯება, ყველამ ვიცით, რომ საქართველოს ისტორია 1918 წელს არ დაწყებულა

ძალიან ხშირად მოგვისმენია ისტორიის დამახინჯება, ყველამ ვიცით, რომ საქართველოს ისტორია 1918 წელს არ დაწყებულა, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

„ყველამ ვიცით, რომ საქართველოს ისტორია არც 1918 და არც 1764 წლიდან არ იწყება. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ყოველთვის იყო და არის საქართველოს ნაწილი. დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი მშვიდობიანად დასრულდება ისე, რომ ჩვენს მოძმე აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ერთად, ერთიან ქვეყანაში ვიცხოვრებთ“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ „1918 წელს საქართველომ გერმანიის ჯარების დახმარებით მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია, 1919-1920 წლებში კი უფრო სასტიკად იქცეოდა ოსეთში – ეს იგივეა, რაც გენოციდი“.