მაია ცქიტიშვილი - ხელისუფლება არ იყენებს არავითარ მეთოდებს ოპონენტების დისკრედიტაციისთვის
მაია ცქიტიშვილი - ხელისუფლება არ იყენებს არავითარ მეთოდებს ოპონენტების დისკრედიტაციისთვის

ხელისუფლება არ იყენებს არავითარ მეთოდებს ოპონენტების დისკრედიტაციისთვის, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა.

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, დეტალურად არ წაუკითხავს ანგარიში, თუმცა მიიჩნევს, რომ სამწუხაროდ, ყოველთვის არ ხდება საქართველოდან ინფორმაციის მიტანა პარტნიორებამდე.

„მე „ფრიდომ ჰაუსის“ სხვა შეფასება ვიცი, რომელიც ამ შემთხვევაში საუბრობს ბევრად უფრო მეტ გამჭირვალე სისტემებზე, თუნდაც ინტერნეტის ღიაობის შეფასებაზე და სხვა დემოკრატიულ პროცესებზე, რომელიც არის. სიმართლე გითხრათ, დეტალურად არ წამიკითხავს ანგარიში, მაგრამ ეჭვს გამოვთქვამ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ სამწუხაროდ ყოველთვის არ ხდება საქართველოდან ინფორმაციის მიტანა ჩვენს პარტნიორებთან“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

კითხვაზე, ხელისუფლება რატომ იყენებს ოპონენტების დისკრედიტაციისთვის ბოტებსა და ტროლებს, მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ კითხვას ვერ დაეთანხმება.

„რა თქმა უნდა, არ იყენებს ხელისუფლება არავითარ მეთოდებს ოპონენტების დისკრედიტაციისთვის და საერთოდ არ არის ეს ჩვენი მეთოდი“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

„ფრიდომ ჰაუსმა“ გუშინ კვლევა გამოაქვეყნა. რომლის მიხედვითაც, საქართველო ინტერნეტის თავისუფლების 2019 წლის ინდექსის ათეულში მოხვდა.

„ფრიდომ ჰაუსის“ შეფასებით, საქართველოში საანგარიშო პერიოდში ინტერნეტის თავისუფლება დაცული იყო.

„საანგარიშო პერიოდში ხელისუფლება ძირითადად, პატივს სცემდა და იცავდა ციფრულ უფლებებს. ამავე პერიოდში ამოქმედდა ახალი კონსტიტუცია, რომელიც ინტერნეტთან წვდომის გარანტიას იძლევა. მიუხედავად ამისა, ინტერნეტის თავისუფლებას რამდენიმე მიმართულებით მაინც ემუქრებოდა საფრთხე. წვდომა გაიზარდა, თუმცა ზრდა სუსტი იყო. ტროლინგი, განსაკუთრებით მთავრობასთან დაკავშირებული ბოტების მხრიდან, 2018  წლის ივნისში და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა. გარდა ამისა, ინტერნეტის ლანდშაფტს ასევე აზიანებს დევნისა და ზეწოლის ხმაურიანი შემთხვევები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა საანგარიშო პერიოდში“, – ნათქვამია ანგარიშში.