მაია ბითაძე - როცა უცხო ქვეყანაში თანამდებობის პირი ხარ და გარკვეულ ბრალდებებს აკეთებ, აუცილებლად უნდა დაასაბუთო, საკუთარი ქვეყნის ღალატს ადგილი არ უნდა ჰქონდეს
მაია ბითაძე - როცა უცხო ქვეყანაში თანამდებობის პირი ხარ და გარკვეულ ბრალდებებს აკეთებ, აუცილებლად უნდა დაასაბუთო, საკუთარი ქვეყნის ღალატს ადგილი არ უნდა ჰქონდეს

სრულიად გაუგებარი ამბავია, როცა ქართველი ადამიანი მიუხედავად იმისა, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეა, ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეებში საქართველოსთვის კვლავ დაუსაბუთებელ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებს საკუთარი სამშობლოს მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ განაცხადა.

მაია ბითაძემ შეაფასა უკრაინის რადაში მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერის, დავით არახამიას განცხადება, სადაც ამბობს, რომ რუსული კომპანიები ქართულ კომპანიებს სანქციების გვერდის ავლისთვის იყენებენ და აშშ-მა ამის გამო ზომები უნდა მიიღოს.

როგორც მაია ბითაძემ აღნიშნა, ასეთი განცხადებების გაკეთება პირდაპირ ნავთს ასხამს რუსეთის ცეცხლზე, რომელიც ყოველნაირად და ყოველთვის ცდილობდა, რომ საქართველო ყოფილიყო რუსეთისთვის ბუფერი და არა ევროკავშირის მოკავშირე.

„სრულიად გაუგებარი ამბავია, როცა ქართველი ადამიანი მიუხედავად იმისა, რომელი ქვეყნის მოქალაქეა, ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეებში საქართველოსთვის კვლავ დაუსაბუთებელ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებს საკუთარი სამშობლოს მიმართ. როცა უცხო ქვეყანაში თანამდებობის პირი ხარ და გარკვეულ ბრალდებებს აკეთებ, ეს აუცილებლად უნდა დაასაბუთო – ჭორებს, ბრალდებებსა და საკუთარი ქვეყნის ღალატს ადგილი არ უნდა ჰქონდეს. ვფიქრობ, ეს არის გარკვეული ნაბიჯი, რომელიც მიზანმიმართულად ხელს უშლის, რომ ქართველმა ხალხმა საქართველოს მთავრობასთან ერთად იმ მიზანს მიაღწიოს, რასაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ჰქვია. ახლა ასეთი განცხადებების გაკეთება პირდაპირ ნავთს ასხამს რუსეთის ცეცხლზე, რომელიც ყოველნაირად და ყოველთვის ცდილობდა იმას, რომ საქართველო ყოფილიყო რუსეთისთვის ბუფერი და არა ევროკავშირის მოკავშირე“, – განაცხადა ბითაძემ.