მაია ბითაძე - ჩვენი და „სითი ინსტიტუტის" ერთობლივი მუშაობის შედეგად აღმოფხვრილია ყველა ხარვეზი და თბილისის მიწათსარგებლობის განახლებულ გენგეგმაზე მუშაობა დასრულდა 
მაია ბითაძე - ჩვენი და „სითი ინსტიტუტის" ერთობლივი მუშაობის შედეგად აღმოფხვრილია ყველა ხარვეზი და თბილისის მიწათსარგებლობის განახლებულ გენგეგმაზე მუშაობა დასრულდა 

ჩვენი და „სითი ინსტიტუტის” ერთობლივი, 24-საათიანი მუშაობის შედეგად აღმოფხვრილ იქნა ყველა ტექნიკური, თუ სხვა ნორმატიული ხარვეზი და როგორც იქნა, დასრულდა მუშაობა თბილისის მიწათსარგებლობის განახლებულ გენგეგმაზე, რომელიც 2009 წლიდან არ განახლებულა, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ჩვენი მთავარი, ყველაზე მსხვილი შენიშვნა იყო, დოკუმენტი აღსასრულებლად გამოყენებადი ყოფილიყო და ერთობლივი მუშაობის შედეგად მივიღეთ პროდუქტი, რომელსაც პრაქტიკაში გამოვიყენებთ“, – განაცხადა ბითაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შეიცვალა თუ არა პრიორიტეტები, ან მოხდა თუ არა გარკვეული საკითხების დამატება, მაია ბითაძემ განაცხადა, რომ პრიორიტეტები არ შეცვლილა, დამატებით კი, რუკები დაემატა და ძირითად გენგეგმასთან ერთად უკვე არსებობს შვიდი თემატური რუკა, რომელიც საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში დანართის სახით დამტკიცდება.

მისი თქმით, სამომავლო ქმედებები ოთხი ძირითადი მიმართულებით გაიწერა, რაც გენგეგმის ტექსტუალურ ნაწილს დანართის სახით აქვს აკრული.

„ეს არის ქმედებები ქალაქმშენებლობის, გარემოს დაცვითი და ტრანსპორტის კუთხით, ანუ, ყველა ის მიმართულება, რაც გენგეგმის მთავარი მიზნების მისაღწევად აუცილებელია“, – განაცხადა ბითაძემ.

თბილისის მერის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, სამომავლო ღონისძიებები ზუსტად აისახა და დროში თანმიმდევრულად გაიწერა, რაც მუნიციპალიტეტს აუცილებლად აქვს შესასრულებელი, რათა შესრულდეს კონცეპტუალურად ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი – მწვანე შეკავშირებული და კომპაქტური ქალაქი.