მაია ბარქაია - კრიტიკული აზრის რუსულ პროპაგანდად წარმოჩენა ყალბი ინფორმაციის გავრცელებაა
კრიტიკული აზრის რუსულ პროპაგანდად წარმოჩენა ყალბი ინფორმაციის გავრცელებაა, – ამის შესახებ აღმოსავლეთმცოდნე მაია ბარქაია სოციალურ ქსელში წერს, რომელიც „მედიის განვითარების ფონდის“ კვლევასა და ამ საკითხზე დისკუსიას გამოეხმაურა.
როგორც ბარქაია აღნიშნავს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო დისკუსიამ ზედაპირზე ამოატივტივა ზოგადი ტენდენცია.
მისი თქმით, პირველ რიგში, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯონს რუსული პროპაგანდა და კრიტიკული აზრი.
„მეორე – იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ რუსეთმა ჩვენს სახელმწიფოებრიობას და სუვერენიტეტს საფრთხე შეუქმნა, კრიტიკული აზრის გაჟღერებისთვის „პრორუსული“ იარლიყის მიკერება საგანგაშო ბრალდებაა და მავანის იძულებით დადუმებას ისახავს მიზნად“, – წერს მაია ბარქაია.
მისი შეფასებით, ამ იარლიყს თან სდევს გამანადგურებელი ძალაუფლებრივი ასპექტი, რომელსაც შეუძლია, საჯარო დისკუსიის ველიდან კრიტიკული აზრი გააძევოს და ამიტომ, მეტი სიფრთხილეა საჭირო მისი გამოყენებისას.
„მესამე – საერთაშორისო ინსტიტუციების კრიტიკის ტაბუირება საფუძველშივე კლავს დემოკრატიულ პროცესს. ამასთანავე, როგორც ჩანს, ტაბუირებული ხდება ეკონომიკური უთანასწორობის მასაზრდოებელ საერთაშორისო მექანიზმებზე, გლობალურ უთანასწორობაზე, ზოგადად, იმპერიალიზმზე და კოლონიალიზმის ისტორიაზე საუბარიც კი.
მეოთხე – დღეს ნეოლიბერალური და ლიბერალური იდეური ჩარჩო იმდენად ყოვლისმომცველია, რომ უჩინარია მისი იდეოლოგიური საფუძვლები და „საღ აზრად“ წარმოგვიდგება, მაშინ, როდესაც ნებისმიერი კრიტიკა, რომელიც ნეოლიბერალურ იდეოლოგიას მიემართება, იმთავითვე „საღ აზრთან“ დაპირისპირებულ იდეოლოგიად მოინიშნება“, – წერს სოციალურ ქსელში მაია ბარქაია.
ამათან, მეხუთე საკითხში მაია ბარქაია მსოფლიო პოლიტიკის დიქოტომიურ ხედვაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ეს ცივი ომის ლოგიკაში ჩარჩენილობაა.
„კონკრეტული ეკონომიკური პოლიტიკის კრიტიკა, მათ შორის დასავლეთში, არ ნიშნავს „პრორუსულობას“ ან „პროდასავლურობას“, სამყარო ბევრად უფრო კომპლექსური, მრავალშრიანი და საკმარისად პოლიცენტრისტულია დღეს. მართალია, ელიტებისთვის საყვარელმა ფუკუიამამ ცივი ომის შემდეგ ისტორიის დასასრული გამოაცხადა, მაგრამ ისტორია გრძელდება და მის შექმნაში მონაწილე ძალთა რაოდენობაც იზრდება“, – აღნიშნავს მაია ბარქაია.
საუბარია კვლევაზე „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ინფორმირება“. კვლევის ავტორია „მედიის განვითარების ფონდი“, ხოლო დამფინანსებელი – „ღია საზოგადოების ფონდი“ (ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“). კვლევის შესახებ იხილეთ „მოამბის“ სიუჟეტი.
ამასთან, აღნიშნულ კვლევასთან დაკავშირებით დისკუსია გუშინ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ გაიმართა, რომლის სტუმარი ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი იყო.