მადრიდის „მასტერსი“ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო გაუქმდა
გრუნტის სეზონის ერთ-ერთი მთავარი ტურნირის – მადრიდის „მასტერსის“ ორგნიზატორებმა 2020 წელს ტურნირის გაუქმების შესახებ გამოაცხადეს. მიზეზი კორონავირუსის ინფექციის გავრცელების საფრთხეა.
„მასტერსი“ ესპანეთის დედაქალაქში 12-20 სექტემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, ორგანიზატორებმა ტურნირის გაუქმება გადაწყვიტეს.
„მადრიდში კორონავირუსის ახალი აფეთქების გამო გამართულ ბოლო შეხვედრაზე ტურნირის ორგანიზატორებმა შეშფოთება გამოთქვეს ჩოგბურთელების, გულშემატკივრებისა და მომსახურე პერსონალის უსაფრთხოების გამო. საბოლოოდ, მათ მიიღეს რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ 2020 წელს ტურნირი აღარ ჩაატარონ“, – წერია სპეციალურ პრესრელიზში.
მადრიდის „მასტერსის“ გაუქმების შემდეგ, გრუნტის სეზონი მხოლოდ რომის „მასტერსისა“ და როლან გაროსის ამარა დარჩა.