რაფაელ ნადალი მადრიდის მასტერსსაც გამოტოვებს - როლან გაროსამდე ცოტა დრო რჩება #1TVSPORT
რაფაელ ნადალი მადრიდის მასტერსსაც გამოტოვებს - როლან გაროსამდე ცოტა დრო რჩება #1TVSPORT

სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებით ჩოგბურთის ლეგენდამ, ესპანელმა რაფაელ ნადალმა საკუთარ ქომაგებს აცნობა, რომ მადრიდის მასტერსსაც გამოტოვებს.

2023 წლის დასაწყისში ავსტრალიის ღია პირველობაზე მიღებული ტრავმა ნადალისთვის იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ამას ის და სამედიცინო შტაბის წარმომადგენლები ელოდნენ. პირველადი ცნობით, რეაბილიტაციის პროცესი 6-8 კვირას უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა პროცესი კიდევ გაიწელება.

მიღებული დაზიანების გამო ნადალმა უკვე გამოტოვა თავისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირები მონტე კარლოსა და ბარსელონაში. ახლა ესპანელის მთავარი ამოცანა 28 მაისამდე ფორმაში შესვლაა, რადგან სწორედ ამ დღეს სეზონის მეორე დიდი სლემის ტურნირი, როლან გაროსი იწყება, რომელიც მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს 14-ჯერ აქვს მოგებული.

„მოგესალმებით. ავსტრალიაში მიღებული ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი 6-8 კვირა უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა უკვე 14 კვირაა, მკურნალობის კურსს გავდივარ. მოვლენათა ასეთ განვითარებას არ ველოდით. სამწუხაროდ, სიტუაცია უკეთესობისკენ არ იცვლება და მომიწევს მადრიდის მასტერსიც გამოვტოვო.

დაზიანება საშუალებას არ მაძლევს, იმ რიტმში ვივარჯიშო, რომელიც ტურნირებისთვის მჭირდება. გარკვეულ ვარჯიშებს ვასრულებდი, თუმცა მივიღეთ გადაწყვეტილება, კურსი შევცვალოთ და მკურნალობის ახალი ეტაპი დავიწყოთ. არ შემიძლია, ზუსტად გითხრათ, როდის შევძლებ დაბრუნებას.

მსურს, ესპანელ ქომაგს მივესალმო. უკვე მეორე ტურნირს ვაკლდები ჩემს სამშობლოში. კარგად იცით, რას ნიშნავს ჩემთვის აქ მონაწილეობა.

მთავარია, სწორი მენტალიტეტით მზადება განვაგრძო. ვეცდები, ყველაფერი გავაკეთო, რათა წელს თიხაზე ჩასატარებელ რომელიმე ტურნირზე ვითამაშო“, – დაწერა ნადალმა.

მადრიდის მასტერსი 25 აპრილს დაიწყება და 7 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.