ბასილაშვილი მადრიდის „მასტერსს“ ფონინისთან მატჩით დაიწყებს, მეორე წრეში ქართველს ალკარასი ელოდება #1TVSPORT
ბასილაშვილი მადრიდის „მასტერსს“ ფონინისთან მატჩით დაიწყებს, მეორე წრეში ქართველს ალკარასი ელოდება #1TVSPORT

გაიმართა მადრიდის „მასტერსის“ ძირითადი ბადის წილისყრა და გაირკვა ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე პირველ წრეში. ეს არის იტალიელი ვეტერანი ფაბიო ფონინი, რომელთანაც ერთადერთი მატჩი ქართველ ჩოგბურთელს მოგებული აქვს. ეს მოხდა შარშან ცინცინატის „მასტერსზე“ – ბასილაშვილმა ორ სეტში 7:6(3), 6:3 მოიგო. მათი მეორე შეხვედრა წელს ინდიან უელსის „მასტერსის“ პირველ წრეში უნდა გამართულიყო, მაგრამ იტალიელი ტრავმის გამო კორტზე არ გასულა.

ფონინის დამარცხების შემთხვევაში, ბასილაშვილს მეორე წრეში ესპანური ჩოგბურთის ახალი ვარსკვლავის კარლოს ალკარასის წინააღმდეგ მოუწევს თამაში.

ბასილაშვილს სამჯერ უთამაშია მადრიდის „მასტერსზე“ და სამივეჯერ პირველ წრეში გამოეთიშა ბრძოლას, ჯამში კი მხოლოდ ერთი სეტი აიღო. შარშანდელ გათამაშებაში მან ორ სეტში წააგო ფრანგ ბენუა პერთან.

ბასილაშვილი მიმდინარე კვირას მიუნხენის ტურნირში თამაშობდა. მერვედფინალში ქართველმა სამ სეტში მოუგო ბელარუს ივაშკას, მაგრამ პარასკევს 6:7, 2:6 დათმო მეოთხედფინალი სერბ კეჩმანოვიჩთან.

დატოვე კომენტარი