ლუქსემბურგის პრემიერი - შევძელით უკრაინისთვის ძლიერი მორალური მხარდაჭერის ჩვენება, კანდიდატის სტატუსი არ არის წევრობა, მაგრამ აჩვენებს გზას და მუშაობა უნდა გაგრძელდეს
შევძელით უკრაინისთვის ძლიერი მორალური მხარდაჭერის ჩვენება. კანდიდატის სტატუსი არ არის წევრობა, მაგრამ აჩვენებს გზას და მუშაობა უნდა გაგრძელდეს, – განაცხადა ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა, ხავიერ ბეტელმა.
ლუქსემბურგის პრემიერი აღნიშნავს, რომ გუშინდელი დღე ისტორიული იყო.
„რამდენიმე კვირის წინ, როდესაც უკრაინის კანდიდატის სტატუსზე ვსაუბრობდით, დარწმუნებული არ ვიყავი, რომ გუშინ შეთანხმებას მივაღწევდით; მოხარული ვარ, რომ საბოლოოდ შევძელით უკრაინისთვის ძლიერი მორალური მხარდაჭერის ჩვენება. კანდიდატის სტატუსი არ არის წევრობა, მაგრამ აჩვენებს გზას და საშინაო სამუშაოები უნდა გაგრძელდეს. ყველა ვთანხმდებით, რომ კომისიას ვავალებთ ანგარიშის მომზადებას. მათ ეს გააკეთეს. მათ სტატუსი მიანიჭეს მოლდოვას, უკრაინას, მაგრამ არა საქართველოს. თუ მათ დავავალებთ სამუშაოს შესრულებას, როდესაც გადაწყვეტენ რაიმეს და შემდეგ ამას შემოგვთავაზებენ, ვერ ვიტყვით, რომ ამას არ ვეთანხმებით. ამდენად, მოხარული ვარ, რომ გუშინ ჩვენ მივიღეთ კომისიის ინსტრუქციები და პრეზიდენტმა ზელენსკიმ ვიდეომიმართვით ჩვენთან შეხვედრაზე თქვა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ეს, მოსახლეობის მოტივირებისთვის, რომ არ დანებდნენ“, – განაცხადა ხავიერ ბეტელმა.
ევროკავშირის საბჭომ გუშინ გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, უკრაინასა და მოლდოვას გუშინვე მიენიჭათ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.