ლუკას ერნანდესის აგენტი ფეხბურთელის ხელფასის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
ლუკას ერნანდესის აგენტი ფეხბურთელის ხელფასის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

მიუნხენის „ბაიერნის“ ფრანგი ლეგიონერის, ლუკას ერნანდესის აგენტი მანუელ გარსია კელონი აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ფეხბურთელი წელიწადში 24 მილიონ ევროს იღებს, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც ირკვევა, მოთამაშის გასამრჯელოს შესახებ ეს ცნობა გერმანულმა გაზეთებმა გაავრცელეს, რის შემდეგაც ბაიერნის მეკარემ, მანუელ ნოიერმა, კლუბის ხელმძღვანელობისგან წელიწადში 20 მილიონი ევრო მოითხოვა.

„ყველაფერი, რაც ლუკასის ხელფასზე წერია, ტყუილია“, – ამბობს კელონი, – „ერნანდესი არ იღებს 24 მილიონს არც გადასახადებიანად, არც მათ გარეშე. რა თქმა უნდა, მისი ხელფასი გაცილებით ნაკლებია. არ ვიცი, ვის უნდა მოსვლოდა თავში ასეთი რამის გავრცელება. შესაძლოა, სხვა ფეხბურთელში შეეშალათ, თუმცა, მე ვფიქრობ, უბრალოდ მისთვის ცხოვრების გამწარება უნდოდათ“.

ლუკას ერნანდესი „ბაიერნში“ მადრიდის „ატლეტიკოდან“ 2019 წელს გადავიდა.