ლუკა წულუკიძე - 18 წლის არ ვიყავი და „კარლსრუესთან“ ხელშეკრულება ვერ გავაფორმე #1TVSPORT
ლუკა წულუკიძე - 18 წლის არ ვიყავი და „კარლსრუესთან“ ხელშეკრულება ვერ გავაფორმე #1TVSPORT

უკრაინაში რუსული აგრესიის გამო, ლუკა წულუკიძემ ფიფა-ს წესებით ისარგებლა, რუსულ „ურალთან“ კონტრაქტი შეაჩერა და „საბურთალოს“ დაუბრუნდა, რომლის აკადემიის აღზრდილიცაა. 18 წლის ფეხბურთელმა გაიხსენა პირველი ნაბიჯები „საბურთალოს“ აკადემიაში, პირველი გოლი ეროვნულ ლიგაში, „კარლსრუეში“ სტაჟირება და 19 წლამდე ნაკრებში თამაში.

„რუსულ გუნდთან კონტრაქტს ხელი მოვაწერე და სამედიცინო შემოწმება გავიარე, მაგრამ „ურალის” შემადგენლობაში არ მივარჯიშია. კლუბი უკრაინაში რუსული აგრესიის გამო დავტოვე და ჩამოვედი. მანამდე იყო „კარლსრუეში“ სტაჟირება. გერმანიაში ორი კვირა ვიყავი, ძალიან ნაყოფიერი სტაჟირება გამომივიდა. ბევრი რამ შევიძინე და ვისწავლე. ამ ხნის განმავლობაში „კარლსრუეს“ ბაზაზე ვცხოვრობდი. გარკვეული დაკვირვების შემდეგ, გერმანელებმა ჩემი დატოვება გადაწყვიტეს, მაგრამ 31 იანვარს სატრანსფერო „ფანჯარა“ იკეტებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ 18 წლის არ ვიყავი, ხელშეკრულებას ვერ ვაფორმებდი. ვნახოთ, მომავალში რა იქნება. ამ ეტაპზე „საბურთალოსთან“ ახალ კონტრაქტს მოვაწერე ხელი, გუნდთან ერთად ვემზადები და ადგილის დამკვიდრებაზე ვფიქრობ. როდის ვიქნები 20-კაციან განაცხადში, ამას სამწვრთნელო შტაბი გადაწყვეტს“, – ამბობს წულუკიძე.

ლუკამ ყველა ასაკობრივი გუნდი გაიარა. 2021 წლის ნოემბერში კი 17 წლის ასაკში ლევან კორღალიძემ „საბურთალოს“ მთავარ გუნდში ქობულეთში „შუქურასთან“ შეცვლაზე ათამაშა, სადაც ჯერ საგოლე გადაცემა შეასრულა, შემდეგ კი სადებიუტო გოლით გუნდს ეროვნულ ლიგაში გამარჯვება მოუტანა: 

„ზესტაფონელი ვარ, „საბურთალოს” ასაკობრივი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშე და მწვრთნელებმა თბილისურ აკადემიაში თამაში შემომთავაზეს. რამდენიმე წლის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიაში ვიყავი, მაგრამ „საბურთალოს“ დავუბრუნდი. ბახვა ამბიძესთან 17-წლამდე გუნდში ვიყავი, შემდეგ 19-წლამდელებში გადამიყვანეს. თემურ შალამბერიძემ „საბურთალო“-2-ში დამაწინაურა, რის შემდეგაც მალევე მთავარი გუნდის 20-კაციან განაცხადში მოვხვდი. ლევან კორღალიძემ „შუქურას“ წინააღმდეგ ცვლილებაზე შემიყვანა. ორმაგად სასიხარულო იყო ის, რომ მდევრის როლში ყოფნის მიუხედავად, ეს მატჩი მოვიგეთ და „საბურთალოს” მთავარ გუნდში სადებიუტო მატჩში გამარჯვების გოლი გავიტანე. ვისარგებლებ შემთხვევით და ლევან კორღალიძეს, თემურ შალამბერიძესა და ბახვა ამბიძეს ნდობისთვის მადლობას გადავუხდი“.

ცოტა ხნის წინ 19 წლამდე ნაკრებმა ელიტ რაუნდში იასპარეზა. წულუკიძემ წარუმატებლობის მიზეზებზე ისაუბრა: 

„თანაბარი ჯგუფი იყო და თავისუფლად შეიძლებოდა წარმატებით თამაში. მართალია, რუმინეთთან დიდი ანგარიშით წავაგეთ, მაგრამ… როდესაც 1:2 იყო, ჩვენს კარში პენალტი დაინიშნა და უმცირესობაში დავრჩით. ამან ფეხბურთელებზე ძალიან იმოქმედა. ჩვენი შეცდომების გამო დავმარცხდით. ისლანდიის ნაკრებთან ვიგებდით და 3 ქულა ბოლო წუთებზე დავკარგეთ. ბოლო შეხვედრაში ხორვატიის ნაკრები კი დავამარცხეთ, მაგრამ ეს გამარჯვება საკმარისი არ იყო ჯგუფში წარმატების მისაღწევად. 19 წლამდე ნაკრების შემდეგ უკვე 21-წლამდე ნაკრებია. ველი თუ არა ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებას? ჩემი სურვილია, რომ ყველა ნაკრებში ვითამაშო და გამიხარდება, 21 წლამდე ნაკრებში თუ ვითამაშებ, შემდეგ კი ეროვნულში. თუმცა ახლა 19- წლამდე ნაკრებში ვარ და ამ გუნდის წარმატებაზე ვფიქრობ. ხვალ, შვეიცარიაში მივემგზავრებით, სადაც ორ ამხანაგურ შეხვედრას გავმართავთ“.