ლუკა ლოჩოშვილი - „კრემონეზესთან“ ერთად სერია A-ში დაბრუნება მინდა, ლორთქიფანიძე ნამდვილი პროფესიონალია #1TVSPORT
„კრემონეზეს“ ქართველმა მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა ჟურნალ Lo Sport Cremonese-სთან ვრცელ ინტერვიუში იტალიურ კარიერაზე, მიზნებსა და კრემონელების ახალგაზრდული გუნდის ქართველი კაპიტნის, დაჩი ლორთქიფანიძის შესახებ ისაუბრა.
„კრემონაში თამაშით ძალიან ბედნიერი ვარ. აქ ყველაფერი მომწონს – კლუბიდან დაწყებული მოთამაშეებით დამთავრებული, რომლებიც ჩემ მიმართ ყოველთვის კეთილგანწყობილნი არიან. გუნდის მიზანი ძალიან ამბიციურია და ამანაც იმოქმედა, რომ დავრჩი.
ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, გარდა ამისა, ახლა იტალიურად უკეთესად ავლაპარაკდი. ამან თანაგუნდელებთან ურთიერთობის საშუალება მომცა და მათთან მეტ დროს ვატარებ. ახლა, როცა ენა უფრო კარგად მესმის, ყველაფერი გაცილებით გამარტივდა.
კრემონა პატარა ქალაქია, მაგრამ ძალიან მომწონს. ვაფასებ ხალხის დამოკიდებულებას ფეხბურთელების მიმართ, რადგან ისინი ძალიან მშვიდები არიან. თავისუფალ დროს ცენტრში მეუღლესთან ერთად ხშირად დავდივარ. ძალიან სასიამოვნოა სასეირნოდ ან უბრალოდ ყავის დასალევად გასვლა.
სერია B-ში ყველა მატჩი რთულია, ყველა მეტოქე ბოლო წუთამდე იბრძვის, ჯერ მხოლოდ სეზონის დასაწყისია და დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებული გამოსვლა შეგვიძლია, რადგან ძლიერი გუნდი ვართ და წარმატების მიღწევის დიდი სურვილი გვაქვს. ვიმედოვნებთ, რომ შეგვიძლია დავიბრუნოთ ის, რაც გასული სეზონის ბოლოს დავკარგეთ – ადგილი სერია A-ში.
სერია A-ში თამაში ნებისმიერი ფეხბურთელის მისწრაფებაა. ჩვენ ვსაუბრობთ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაზე, სადაც დონე ძალიან მაღალია, არის ძალიან გამორჩეული გუნდები და იქ დარჩენისთვის დიდი შრომაა საჭირო. ჩემი მიზანია, კვლავ სერია A-ში-ში ვითამაშო და, შესაძლოა, ევროთასებზე მონაწილეობა მივიღო.
ეროვნულ ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა ნებისმიერი მოთამაშის ოცნებაა – მეამაყება, ძალიან მიხარია, რომ ეს შესაძლებლობა მაქვს. ჩვენს ნაკრებში ყალიბდება ძალიან ახალგაზრდა მოთამაშეების ბირთვი და მჯერა, რომ მომავალში ყველასთვის რთული მეტოქეები გავხდებით. ჩემი პირადი მიზანი საქართველოსთან ერთად დიდ ტურნირზე გასვლაა.
ლორთქიფანიძეს (ქართველი ტალანტი, რომელიც „კრემონეზე 2“-ში თამაშობს) ჩამოსვლამდე არ ვიცნობდი, მაგრამ ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში დავმეგობრდით და უნდა ითქვას, რომ ეს ბიჭი ჩემთვის სასიამოვნო სიურპრიზია. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 18 წლისაა, ინდივიდუალურად ძალიან ძლიერია და ყველაფერში პროფესიონალივით იქცევა. დარწმუნებული ვარ, რომ მას „კრემონეზეში“ დიდი მომავალი ექნება. უნდა გააგრძელოს მუშაობა და მიხარია, რომ ამას ხვდება“, – ამბობს ლუკა ლოჩოშვილი.