ქართველები იტალიაში - ლოჩოშვილის „კრემონეზე“ შინ დამარცხდა #1TVSPORT
ქართველები იტალიაში - ლოჩოშვილის „კრემონეზე“ შინ დამარცხდა #1TVSPORT

სერია A-ს 32-ე ტურში „ლეჩემ“ საბა გოგლიჩიძის „ემპოლის“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველი სტუმართა სამატჩო განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. ქართველი ფეხბურთელის გუნდი მე-16 ადგილზეა და გავარდნის ზონას მხოლოდ 2 ქულით ასწრებს.

სერია B-ს 33-ე ტურში კი გათამაშების ერთ-ერთმა ლიდერმა „კრემონეზემ“, სადაც ლუკა ლოჩოშვილი თამაშობს, ერთ-ერთ აუტსაიდერს, „ტერნანას“ უმასპინძლა და მტკივნეული მარცხი განიცადა – 1:2.

საქართველოს ნაკრების მცველმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და 6,3 ქულა მიიღო. „კრემონეზე“ 59 ქულით მესამე ადგილზეა და მეორეადგილოსან (პირდაპირ გადადის სერია A-ში) „კომოს“ 5 ქულით ჩამორჩება, თუმცა ოთხეულში მოხვედრით გუნდი პლეი ოფში ითამაშებს.

სათადარიგოებში დარჩა ივა გელაშვილიც, რომლის „სპეციაც“ გათამაშების ლიდერს, „პარმას“ ესტუმრა და 2:0 დამარცხდა. ქართველი მცველის გუნდი 35 ქულით მე-17 პოზიციაზეა და სერია B-ს პლეი აუთის ზონაშია.