ლუკა ხორხელმა „გაგრასთან“ შეხვედრაში გოლი გაიტანა და წყალტუბოს „სამგურალის“ გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა.
24 წლის ნახევარმცველი ბოლო ტურებში „სამგურალს“ ლიდერად მოევლინა – ორ შეხვედრაში ოთხი გოლი გაიტანა და პლუს პენალტი მოიპოვა. სულ კი მიმდინარე სეზონში ხორხელს შვიდი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა დაუგროვდა.
„დაძაბული მატჩი გამოვიდა. „გაგრასთან“ გასვლაზე თამაში რთულია და ყველას უჭირს. ჩვენი უშუალო კონკურენტია, ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ და მიხარია, რომ გოლი გავიტანე.
თავიდან გამოუცდელობის გამო გვიჭირდა, გაშვებული გოლის შემდეგ თამაშის შემოტრიალებას ვერ ვახერხებდით. ნელ-ნელა გუნდმა გამოცდილება დააგროვა, ბევრი ვიმუშავეთ და საქმე გამოვასწორეთ. „გაგრასთანაც“ ასე მოხდა, გოლის მერე არ დავნებდით, ჩვენი თამაში გავაგრძელეთ და პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიში გავათანაბრეთ, მეორე ტაიმში კიდევ ორი გოლი გავიტანეთ და საბოლოოდ მოვიგეთ.
ვერ ვიტყვი, რომ საუკეთესო ფორმაში ვარ, რადგან ჩემი აზრით, კიდევ მეტი შემიძლია გავაკეთო. საკუთარი თამაშით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ – იმედია, საუკეთესო პერიოდი წინ არის“.