ლუის ენრიკე - შემდეგ ეტაპზე ნებისმიერ მეტოქესთან სათამაშოდ მზად ვართ #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი შეაფასა, რომელიც მის გუნდსა და „მონაკოს“ შორის 2:2 დასრულდა, ხოლო ორი მატჩის ჯამში (5:4) პარიზულმა გუნდმა 1/8-ფინალის საგზური მოიპოვა.
„არ მომწონს, როცა საქმე ტანჯვამდე მიდის, თუმცა ფეხბურთი სწორედ ასეთია. ძალიან დატვირთული კალენდარი გვქონდა და პლეიოფში „მონაკოს“ შევხვდით – გუნდს, რომელიც მაღალი დონისაა. პირველ ნახევარში სიზუსტე გვაკლდა, ხოლო მეორე ტაიმში თამაში გავაკონტროლეთ. ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა ბოლოს გაშვებულმა გოლმა სურათი შეცვალა და მატჩი კიდევ უფრო დაიძაბა. ვიცით, რომ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ზოგჯერ ტანჯვაც საჭიროა – ამის გამოცდილება დაგვიგროვდა.
მეტოქეებს უნდა დაუსვათ კითხვა, შეგვიძლია თუ არა, გასული სეზონის დონეზე ავიდეთ? ისინი გეტყვიან, რამდენად რთულია ჩვენ წინააღმდეგ თამაში. იმავე გზას უნდა გავყვეთ, შემდეგ ეტაპზე ნებისმიერ მეტოქესთან სათამაშოდ მზად ვართ.
მიმდინარე სეზონის მანძილზე დავამტკიცეთ, რომ მძიმე მომენტებში პრობლემებთან გამკლავება შეგვიძლია. ეს ტურნირი რთულია და ვიცით, რომ პროგრესია საჭირო. მომდევნო ეტაპები კიდევ უფრო მძიმე იქნება, ამიტომ განვითარება აუცილებელია“, – განაცხადა ენრიკემ.
„პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში ორი გუნდიდან ერთ-ერთს შეხვდება – „ბარსელონას“ ან „ჩელსის“. წილისყრა 27 თებერვალს არის დაგეგმილი.