ლუის დე ლა ფუენტე – მიმაჩნია, რომ ფინალში თამაში ნამდვილი ფუფუნებაა #1TVSPORT
ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინ პრესკონფერენცია გამართა.
„მიმაჩნია, რომ ფინალში თამაში ნამდვილი ფუფუნებაა. ყოველთვის თანახმა ვიქნებოდი ფინალში გასვლასა და იქ დამარცხებაზე. ამ წუთებით უბრალოდ უნდა ვისიამოვნოთ. საოცარი მეტოქე გვყავს, გუნდი, რომელმაც უკანასკნელ წლებში ყველაფერი მოიგო. წინ დიდი სანახაობა გველის, რადგან ორი მსგავსი სტილის სუპერგუნდი უპირისპირდება ერთმანეთს. ვეცდებით, თამაში ჩვენი ინტერესების სასარგებლოდ წარვმართოთ.
იამალი თავს კარგად გრძნობს და თამაში შეუძლია. წინ ბოლო ვარჯიში გველის, რაც ყველაზე კრიტიკული ეტაპია. რაც შეეხება მესის, ლეო უნიკალურია და ახალგაზრდებისთვის ნამდვილი მისაბაძი მაგალითია. ლამინიც თავისი ასაკისთვის ფენომენალურია, თუმცა ის არავის უნდა შევადაროთ და საკუთარი ინდივიდუალურობა უნდა შეინარჩუნოს. საფრანგეთთან მან კუნთი დაიზიანა, მაგრამ თამაში ბოლომდე მიიყვანა, გუშინ კი გადავწყვიტეთ, რომ ვარჯიშისგან დაგვესვენებინა.
როდესაც „სევილიას“ ახალგაზრდულ გუნდს ვწვრთნიდი, ესპანეთის თასზე მესის წინააღმდეგ მოგვიწია თამაში. ვცადეთ მისი შეჩერება, თუმცა 4 გოლი გაგვიტანა. მის წინააღმდეგ თავის დაცვა შეუძლებელია, მაგრამ სიფრთხილე მათაც მართებთ ჩვენს ფეხბურთელებთან მიმართებაში“, – აღნიშნა დე ლა ფუენტემ.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი არგენტინასა და ესპანეთს შორის 19 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. მატჩი ნიუ ჯერსიში, „მეტლაიფ სტადიონზე“ შედგება.