ლოთარ მათეუსი - „ბორუსიაში“ მთავარ მწვრთნელად ნიკო კოვაჩი დაინიშნება
მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა შესაძლოა დორტმუნდის „ბორუსიაში“ ლუსიენ ფავრი შეცვალოს. ამ ინფორმაციას გერმანული გამოცემა „ბილდი“ ავრცელებს და იუწყება, რომ „ბორუსიას“ ხელმძღვანელობა კოვაჩს უკვე დაუკავშირდა.
კერძოდ, გაზეთს „ბაიერნის“ ყოფილი ფეხბურთელისა და ამჟამად სატელევიზიო ექსპერტის, ლოთარ მათეუსის სიტყვები მოჰყავს.
„ბოლო ტურში „ბაიერნთან“ დამარცხების შემდეგ კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ ფავრი თანამდებობას რამდენიმე კვირაში დატოვებს და მის ადგილს ნიკო კოვაჩი დაიკავებს“, – ამბობს მათეუსი.
ფავრის კონტრაქტი დორტმუნდელებთან 2021 წლამდეა ძალაში.
რაც შეეხება კოვაჩს, მან „ბაიერნი“ 2019 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ უმუშევარია.
შეგახსენებთ, რომ 26 მაისს, ბუნდესლიგის 28-ე ტურში, „ბაიერნმა“ დორტმუნდის „ბორუსია“ სტუმრად 1-0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნული ლიდერობა განიმტკიცა. ამჟამად ამ გუნდებს შორის სხვაობა შვიდი ქულაა და „ბაიერნი“ ძალიან ახლოს არის მორიგ ჩემპიონობასთან.