ლოს ანჯელესის თავდამსხმელს ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებში თამაშს სთავაზობენ (ვიდეო)
ლოს ანჯელესის თავდამსხმელს ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებში თამაშს სთავაზობენ (ვიდეო)

ჩრდილოეთ მაკედონიური მედიიის ცნობით, მათი ქვეყნის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, იგორ ანგელოვსკის ამერიკაში მცხოვრები თანამემამულის დამატება სურს.

ბალკანელთა ახალი აღმოჩენა და იმედი დენის მუსოვსკია. 24 წლის თავდამსხმელი აშშ-ს საფეხბურთო ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში, „ლოს-ანჯელეს გალაქსშია“, მაკედონური წარმოშობისაა და გამორიცხული არ არის, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებში ითამაშოს.

მიმდინარე სეზონში მუსოვსკი შესანიშნავ ფეხბურთს აჩვენებს. ის დიდ სათამაშო დროს იღებს, გუნდში ათი თამაში ჩაატარა, ოთხჯერ გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა – ამით ახალგაზრდა მოთამაშე ბალკანელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, იგორ ანგელოვსკის ყურადღების ცენტრში მოექცა.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გამოცემა „გოლთან“ ინტერვიუში დაადასტურა, რომ ამერიკაში მოთამაშე თანამემამულეს დაუკავშირდა.

მუსოვსკისთან პირველი კონტაქტი დავამყარეთ. მე მას პირადად ვესაუბრე, ვკითხე, ჩრდილოეთ მაკედონიური დოკუმენტები თუ აქვს და რაც მთავარია, აქვს თუ არა სურვილი, რომ ჩვენს ნაკრებში ითამაშოს. მითხრა, რომ ფიქრისთვის დრო სჭირდებოდა. მე მასზე დაკვირვებას გავაგრძელებ, რადგან ჩემთვის ის საინტერესო მოთამაშეა“, – განაცხადა გამოცემასთან ანგელოვსკიმ.

დენის მუსოვსკი მაკედონიური წარმოშობისაა – 1995 წელს დაიბადა ამერიკაში, ნევადას შტატის ქალაქ ჰენდერსონში. ის თავდამსხმელია, ტექნიკურად კარგად მომზადებული და საგოლე მომენტების კარგი რეალიზაციით გამოირჩევა. კარიერა 2014 წელს „ლას-ვეგასის მობსტერებში“ დაიწყო. მლს-ის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში, „ლოს-ანჯელესში“ ჩარიცხვამდე ასევე ითამაშა „ბარლინგემ დრაგონში“, „ტუსკონში“, გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის „სან ხოსეში“ და „რენო 1868“–ში, სადაც 40 მატჩში 16 გოლი გაიტანა.

რამდენიმე ხნის წინ, მუსოვსკი ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეც კი იყო.