ლონდონში უეფა-ს აღმასკომი გაიმართა - კობიაშვილი მოხსენებით გამოვიდა #1TVSPORT
ლონდონში უეფა-ს აღმასკომი გაიმართა - კობიაშვილი მოხსენებით გამოვიდა #1TVSPORT

ლონდონში, ევრო 2020-ის ფინალის დაწყებამდე, უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელშიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი მონაწილეობდა.

უეფა-ს აღმასკომის სხდომაზე სხვადასხვა აქტუალური თემა განიხილეს და გადაწყვეტილება მიიღეს. მათ შორის, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებით, 2022-23 წლის სეზონიდან, უეფა-ს წევრმა ყველა ქვეყანამ უნდა ჩამოაყალიბოს სტრატეგია ფეხბურთში სოციალური პასუხისმგებლობის (FSR) პროექტებისთვის და აირჩიოს მენეჯერი, რომელიც ამ საკითხებზე იქნება პასუხისმგებელი.

თავის მხრივ, უეფა დაეხმარება ფედერაციებს ყოველწლიურად ორი პროექტის განხორციელებაში, რომელიც თანხვედრაშია უეფა-ს სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკასთან, ასევე ზემოთხსენებულ სტრატეგიის განვითარებასთან და თანამშრომლების გადამზადებაშიც გვერდში დაუდგება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი აღმასკომზე უეფა-ს ფეხბურთის კომიტეტის თავმჯდომარის რანგში მოხსენებით გამოვიდა. ლევან კობიაშვილმა შეკრებილებს უეფა-ს ფეხბურთის კომიტეტის შემაჯამებელი ანგარიში გააცნო.