ლონდონის საიმპერატორო კოლეჯი - კარანტინმა და შეზღუდვებმა ევროპაში სამი მილიონი ადამიანის სიცოცხლე იხსნა
ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მონაცემებით, კარანტინმა და შეზღუდვებმა ევროპაში სამი მილიონი ადამიანის სიცოცხლე იხსნა. როგორც კვლევაშია ნათქვამი, კარანტინის დაწესების გარეშე კორონავირუსის ეპიდემიის მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნებოდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ამავე დროს, კოლეჯის მკვლევრები აფრთხილებენ მოქალაქეებს, რომ პანდემია ჯერ არ დასრულებულა და „ის ჯერ კიდევ დაწყებით ეტაპზეა“.
საიმპერატორო კოლეჯის კვლევის ავტორებმა 11 ქვეყნის მონაცემები შეისწავლეს. მათ შორის იყო ავსტრია, გერმანია, ბელგია, დანია, საფრანგეთი, ნორვეგია, ესპანეთი, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი. კვლევა მაისის დასაწყისში ჩატარდა, როდესაც ამ ქვეყნებში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 130 000-ს აღწევდა.
როგორც ექსპერტები აცხადებენ, მოდელირების შედეგად ნათელი გახდა, რომ კარანტინის გარეშე 4 მაისს ევროპის 11 ქვეყანაში 3,2 მილიონი ადამიანი დაიღუპებოდა.
რაც შეეხება კვლევის მეორე ნაწილს, დოკუმენტის ავტორებმა დაადგინეს, რომ მაისის დასაწყისისთვის ევროპაში დაახლოებთ 15 მილიონი ადამიანი იყო ინფიცირებული. თითოეულ ქვეყნაში დაავადება გადაიტანა მოსახლეობის ოთხმა პროცენტმა.
როგორც ლონდონის საიმპერატორო კოლეჯში აცხადებენ, ეს ნიშნავს, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ვირუსის გავრცელების საშიშროება რეალურია.