ლობჟანიძე რანდერსიდან წასვლაზე ალაპარაკდა - მინდა, გუნდი ევროპის ლიგაზე გავიყვანო და გულშემატკივრებს თავი დავამახსოვრო
ლობჟანიძე რანდერსიდან წასვლაზე ალაპარაკდა - მინდა, გუნდი ევროპის ლიგაზე გავიყვანო და გულშემატკივრებს თავი დავამახსოვრო

საბა ლობჟანიძის „რანდერსი“ ევროტურნირებზე გასასვლელ პლეი ოფის სტადიაზე ნახევარფინალური რაუნდის განმეორებით შეხვედრაში „ორჰუსს” გასვლაზე დაუპირისპირდება.

პირველ შეხვედრაში „რანდერსმა” მეტოქე საშინაო არენაზე მიიღო და 2:1 მოიგო, ერთ-ერთი გოლი კი საქართველოს ნაკრების კანდიდატმა ლობჟანიძემ გაიტანა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

ლობჟანიძემ საქართველოს პირველად არხთან განაცხადა, რომ „რანდერსიდან“ უკეთეს გუნდში გადასვლა სურს.

„ახლახანს გამოქვეყნდა ბოლო ორი წლის მონაცემები, სადაც წერია, რომ ამ პერიოდში გუნდის საუკეთესო ბომბარდირი ვარ – შარშან 12 გოლი გავიტანე, წელს – 8 და „რანდერსში“ პირველზე გავედი. ამას ნახევარმცველი რომ ახერხებს, ეს ცუდი შედეგი ნამდვილად არაა. მიმაჩნია, რომ უკეთეს გუნდში უკეთაც ვითამაშებდი. დასამალი აღარ არის, გუნდის დატოვება ნამდვილად მინდა“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ლობჟანიძე.

24 წლის ნახევრამცველის თქმით, მისით სერიოზული კლუბები დაინტერესდნენ: „ჯერ კიდევ შარშან ზაფხულში ჰოლანდიური „ალკმაარი“ მიწვევდა. გუნდის სკაუტები ჩემს ვარჯიშებსაც ესწრებოდნენ, მაგრამ საბოლოოდ, ეს ტრანსფერი ჩაიშალა. ახლაც დაინტერესება საკმაოდ ბევრი კლუბიდანაა. ახლა არა მგონია, გუნდში ჩემს წასვლასთან შეგუებულები უნდა იყვნენ. მთავარია, საჩემო გუნდი მოვძებნო. მანამდე კი მსურს, რომ გუნდი ევროპის ლიგაზე გავიყვანო და გულშემატკივრებს თავი დავამახსოვრო“.

„ევროპის ლიგის“ საგზურისთვის „რანდერსი“-„ორჰუსის” წყვილში გამარჯვებული დანიის ჩემპიონატის ლიდერთა ფინალურ ჯგუფის გუნდს 31 მაისს დაუპირისპირდება. „ორჰუსი”-„რანდერსის“ შეხვედრა დღეს თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.