ტელეკომპანია „კავკასიას“ დავალიანების გადახდის ახალი გრაფიკი დაუდგინდა და ყადაღა მოეხსნა
ტელეკომპანია „კავკასიას“ დავალიანების გადახდის ახალი გრაფიკი დაუდგინდა და ყადაღა მოეხსნა

ტელეკომპანია „კავკასიას“ დავალიანების გადახდის ახალი გრაფიკი დაუდგინდა, რისი გათვალისწინებითაც ყადაღა მოეხსნა. ამის შესახებ პირველ არხს შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ხატია მოისწრაფიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, შემოსავლების სამსახურმა „კავკასიას“ ყადაღის მოხსნის ორი გზა შესთავაზა: დავალიანების დაფარვა ან ახალი გრაფიკის გაფორმება. ტელეკომპანიამ შემოსავლების სამსახურს ახალი გრაფიკის გაფორმების შესახებ განცხადებით მიმართა და ახალი გრაფიკი დადგინდა.

ტელეკომპანია „კავკასიის“ ქონებას დღეს ყადაღა დაედო. როგორც ხატია მოისწრაფიშვილმა პირველ არხს განუცხადა, დავალიანების დაფარვის გრაფიკის სისტემური დარღვევის გამო, ყადაღა ტელეკომპანიაზე ავტომატურად გავრცელდა, თუმცა შემოსავლების სამსახურს ინკასო არ გამოუყენებია, ყადაღის შესახებ „კავკასიას“ თავად აცნობა და მისი მოხსნის გზაც შესთავაზა.

დატოვე კომენტარი