შემოსავლების სამსახური - დავალიანების გრაფიკის დარღვევის გამო „კავკასიას“ ყადაღა ავტომატურად დაედო, თუმცა ინკასო გამოყენებული არ არის
შემოსავლების სამსახური - დავალიანების გრაფიკის დარღვევის გამო „კავკასიას“ ყადაღა ავტომატურად დაედო, თუმცა ინკასო გამოყენებული არ არის

ტელეკომპანია „კავკასიის“ ქონებას ყადაღა დაედო.

როგორც პირველ არხს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა, ხატია მოისწრაფიშვილმა განუცხადა, ტელეკომპანიას დავალიანების დაფარვის გრაფიკი ჰქონდა შედგენილი, რომლის სისტემური დარღვევის გამო, მასზე ყადაღა ავტომატურად გავრცელდა.

„ტელეკომპანია „კავკასიას“ დავალიანების გამო გაფორმებული ჰქონდა გრაფიკი, ვინაიდან გრაფიკით გათვალისწინებული პირობების სისტემურად დარღვევა მოხდა, მასზე ავტომატურად გავრცელდა ყადაღა, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც არ მოვახდინეთ „კავკასიაზე“ ინკასოს დადება, რადგან უკვე არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გვინდა გავიმეოროთ, რომ საქმე ეხება თავისუფალი სიტყვის პრინციპების დაცვას ქვეყანაში“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

მისი თქმით, შემოსავლების სამსახური მსგავსი პრობლემების წარმოქმნისას სხვა საინფორმაციო თუ მედიასაშუალების მიმართაც ასევე მოიქცა.

მოისწრაფიშვილის განმარტებით, „კავკასიაზე“ ყადაღა ავტომატურად დღეს დილით გავრცელდა. შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები კი, მაშინვე დაუკავშირდნენ ტელეკომპანიას და ამის შესახებ აცნობეს.

„მათ ჩვენგან გაიგეს ინფორმაცია, რომ ყადაღა გავრცელდა გრაფიკის დარღვევის გამო. შევთავაზეთ, რომ ყადაღის მოსახსნელად უნდა გაფორმდეს ახალი გრაფიკი ან დავალიანება უნდა  დაიფაროს. მათ მიიღეს აღნიშნული წინადადება, გრაფიკთან დაკავშირებით უკვე მომართული აქვთ შემოსავლების სამსახურისთვის ახალი განცხადებით “, – განაცხადა მოისწრაფიშვილმა და აღნიშნა, რომ განცხადება პრაქტიკულად უკვე დამუშავებულია.