თეიმურაზ კუპატაძე - ზემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად სამშენებლო ფილა მეორე სართულზე ჩავარდა, სადაც დედა და ერთ წლამდე ბავშვი  იმყოფებოდნენ
თეიმურაზ კუპატაძე - ზემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად სამშენებლო ფილა მეორე სართულზე ჩავარდა, სადაც დედა და ერთ წლამდე ბავშვი იმყოფებოდნენ

ზემო ფონიჭალაში, კორპუსის მესამე სართულზე აფეთქების შედეგად სამშენებლო ფილა მეორე სართულზე ჩავარდა, სადაც იმყოფებოდნენ დედა და ერთ წლამდე ბავშვი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ადგილზე საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის ადგილზე დედა-შვილის საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლებიც ჯერ ნაპოვნი არ არიან.

კუპატაძე განმარტავს, რომ საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე მოხდა ბუნებრივი აირის გაჟონვა, რამაც გამოიწვია აფეთქება.

„მესამე სართულზე ამ დროს სახლში მშობლები და 10 წლამდე ბავშვი იმყოფებოდნენ, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. აფეთქების შედეგად სამშენებლო ფილა ჩავარდა მეორე სართულზე, სადაც იმყოფებოდა დედა და ერთ წლამდე ბავშვი, რომლებიც ამ ეტაპისთვის ჯერ ნაპოვნი არ არიან“, – განაცხადა კუპატაძემ.

მისი თქმით, შემოსაზღვრულია პერიმეტრი, მიმდინარეობს საძიებო და საგამოძიებო მოქმედებები.

„კონკრეტულად, ამ დროისთვის მიმდინარეობს ტექნიკის მობილიზება, რომლითაც ფილის აწევა მოხდება და შემდეგ გამოჩნდება, რა სურათი გვაქვს. ვერ ვადასტურებთ, რომ ეს ადამიანები არიან ფილის ქვეშ, მაგრამ  მათი დაძებნა ვერ მოხერხდა ამ ეტაპზე “, – განაცხადა კუპატაძემ.

მისი თქმით, ექსპერტები აფასებენ, რამდენად საფრთხის შემცველია  გვერდით სადარბაზოებში ხალხის სახლში დარჩენა.

„თუ იქნება ამის აუცილებლობა შესაბამისად, მოვახდენთ მათ ევაკუაციასაც. აფეთქებამ სულ დააზიანა მეორე, მესამე და მეოთხე სართულები. ასევე ამ სართულებზე მდებარე ბინებსაც სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვს“, – განაცხადა კუპატაძემ.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 240-ე მუხლის პრიმა 2 ნაწილით, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტებზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ამასთან, შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით,  მათი მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობა აქვთ.

თბილისში, ზემო ფონიჭალაში აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში დღეს მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც  საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა მოჰყვა.