სოზარ სუბარი - გუბერნატორების მთავარი დავალება იქნება, მთავრობის გეგმები თითოეულ რეგიონამდე და მოქალაქემდე მიიტანონ
სოზარ სუბარი - გუბერნატორების მთავარი დავალება იქნება, მთავრობის გეგმები თითოეულ რეგიონამდე და მოქალაქემდე მიიტანონ

საქართველოს მთავრობას ძალიან ამბიციური და სწრაფი რეფორმების გეგმა აქვს. ამ რეფორმების მთავარი შემადგენელი ნაწილია, რომ მისი შედეგი თითოეულ მოქალაქეზე აისახოს, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ამის გაკეთება შეუძლებელი იქნება, თუ თითოეულმა რეგიონმა აღნიშნულ რეფორმებს მხარი არ აუბა.

„სწორედ ამიტომ არის დღევანდელი ცვლილება, დაინიშნა შვიდი ახალი გუბერნატორი. თითოეულ მათგანს  აქვს სერიოზული გამოცდილება, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში მუშაობის. ძალიან კარგად იცნობენ რეგიონს, კარგად იციან ზოგადად საქართველოში არსებული მდგომარეობა. შეუძლიათ გუნდური მუშაობა, რაც უმთავრესი იქნება“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, გუბერნატორი ერთგვარი მაკოორდინებელი უნდა იყოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და თვითმმართველობას, მეორე მხრივ კი, რეგიონების მოსახლეობასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის.

„პრაქტიკულად, საქართველოში ორ დონიანი მმართველობა გვაქვს, არის ცენტრალური ხელისუფლება და თვითმმართველობა, ასევე არის კიდევ ერთი დონე – გუბერნატორი, რომელიც ერთგვარი მაკოორდინებელი უნდა იყოს ერთი მხრივ, ცენტრალურ ხელისუფლებასა და თვითმმართველობას, მეორე მხრივ, რეგიონების მოსახლეობასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გეგმები მხოლოდ თვითმმართველობების და ცალკეული მუნიციპალიტეტების დონეზე არ მუშავდებოდეს, არამედ მთლიანად რეგიონების დონზე და რეგიონებს შორის მჭიდრო კავშირი იყოს.

სოზარ სუბარი დარწმუნებულია, რომ ახალ გუნდთან ერთად, აღნიშნული კავშირის დამყარება შესაძლებელია.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის განვითარებისა და ამბიციური რეფორმების შემადგენელი ნაწილი არის ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.

„გუბერნატორების მთავარი დავალება და ამოცანა იქნება, მთავრობის გეგმები თითოეულ რეგიონამდე, მოქალაქემდე მიიტანონ და ყველა იყოს ამ რეფორმების მონაწილე “, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

როგორც მან განმარტა, ბუნებრივია, გუბერნატორი თავად ვერ შექმნის სამუშაო ადგილებს, თუმცა გუბერნატორს შეუძლია, სამუშაო ადგილების შესაქმნელად შესაბამისი გარემო და პირობები უზრუნველყოს.

„ეს არის ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, კარგი კოორდინაცია თვითმმართველობებს შორის, რადგან შეუძლებელია კარგად განვითარდეს მაგალითად, სენაკის რაიონი, თუ სენაკის მერს შესაბამისი ურთიერთობა არ აქვს ხობის, ან აბაშის მუნიციპალიტეტებთან. სწორედ ასეთი კოორდინაცია ერთი მხრივ,  თვითონ თვითმმართველობებს, მუნიციპალიტეტებს შორის და მეორე  მხრივ, კოორდინაცია ცენტრალურ ხელისუფლებასა და რეგიონებს შორის, გუბერნატორებისთვის მთავარი ამოცანა იქნება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

რაც შეეხება გურიის ყოფილ გუბერნატორ მერაბ ჭანუყვაძეს, რომლის მხრიდან თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია დღეს გახდა ცნობილი, სუბარმა აღნიშნა, რომ გურიის ყოფილმა გუბერნატორმა წასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო „ორი კვირის წინ იყო თხოვნა, რომ გარკვეული პერიოდი დარჩენილიყო თანამდებობაზე. გუშინ კი, შედგა შეხვედრა მერაბ ჭანუყვაძესა და პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს შორის. გადაწყდა, რომ ის გადმოვა თბილისში. რჩება ჩვენს გუნდში და სახელმწიფო უწყებაში გააგრძელებს სამსახურს“, – აღნიშნა სუბარმა

საქართველოს შვიდ რეგიონს ახალი გუბერნატორები ჰყავს. ახალი რწმუნებულები პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს წარადგინა.