რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობით მიმდინარე მედიაფორუმის წინააღმდეგ აქციები 7 სექტემბრამდე გაგრძელდება
რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობით მიმდინარე მედიაფორუმის წინააღმდეგ აქციები 7 სექტემბრამდე გაგრძელდება

რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობით თბილისში მიმდინარე მედიაფორუმის წინააღმდეგ 7 სექტემბრამდე პერმანენტულ აქციები გაიმართება. ამის შესახებ სასტუმრო „ვერე პალასთან“ მიმდინარე აქცია-პერფორმანსის მონაწილე მანანა ანდღულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი აქციის მიზანი ფორუმის საქართველოში ჩატარების გაპროტესტებაა.

„ჩვენი აქ მოსვლის მიზანია, გავაპროტესტოთ და კიდევ ერთხელ გავაგებინოთ მათ, რომ მხოლოდ „ქართული ოცნება“ არ არის საქართველო და მხოლოდ მის ხუშტურებზე არ დადის ქართული საზოგადოება. პირველ რიგში, ამ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ოკუპანტები და „ფებეეშნიკები“ მოდიან და ჩვენს ქვეყანაში ასეთი ფორუმების ჩატარებას ბედავენ. როცა ეკითხები რუსეთი ოკუპანტია თუ არა, დაგცინიან ჩვეულებრივ“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ აქციები 7 სექტემბრამდე პერმანენტულად გაიმართება.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის კობა კოსტავას განცხადებით, არავის სჯერა, რომ მიმდინარე ღონისძიება მშვიდობიანი მედიაფორუმია.

„არანაირი მედია ფორუმი ეს არ არის. ეს ადამიანები არიან პირდაპირ ვლადიმერ პუტინის მიერ დეკლალირებული და დაფინანსებული, ისინი ეწევიან ჰიბრიდულ ომს, მედია ომს. ავრცელებენ ყალბ ინფორმაციას თავიანთი სატელიტი მედიასაშუალებებით. პუტინს რაც სურდა, ტანკებით უკვე გააკეთა და ახლა ომის მეორე ფაზაზეა გადასული – საინფორმაციო ომი. ეს ადამიანები, მათ შორის მათი სატელიტები საქართველოში და მასპინძლები რუსეთის პრეზიდენტს ახალი იმპერიალისტური ზრახვების განხორციელებაში ეხმარებიან“, – განაცხადა კობა კოსტავამ.

ამასთან, მან სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ რუსეთიდან ჩამოსული დელეგაციის სამი წევრი ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევის გამო, საქართველოში არ შემოუშვეს, ამავე დროს უსაყვედურა, რომ მთელი დელეგაცია არ გააბრუნეს საზღვრიდან.

„საქართველოში ასე მარტივად ვერ შემოვლენ. ყოველ ნაბიჯზე მიწა დაეწვებათ ისევე, როგორც ჩვენ დაგვიწვეს მიწები ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მათ უნდა შევუქმნათ მაქსიმალური დისკომფორტი და უნდა იცოდნენ, რომ აქ იდიოტი არავინაა და არავინ ყლაპავს ყალბ ინფორმაციას, რასაც ისინი ავრცელებენ“, – განაცხადა აქციის მონაწილემ.

სასტუმრო „ვერე პალასთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წევრებისა და სამოქალაქო მოძრაობის „რუსეთი ოკუპანტია“ წარმომადგენლები აქციას მართავენ. ისინი რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობით მედიაფორუმის საქართველოში გამართვას აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ ღონისძიება რუსული პროპაგანდის გატარებას ემსახურება.

ღონისძიება რუსეთის პრეზიდენტის საგრანტო ფონდის მიერ ფინანსდება. ფორუმში, სახელწოდებით „მედიის როლი რეგიონში ნდობის აღდგენის საქმეში“ მონაწილეობენ ჟურნალისტები და ბლოგერები რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან.

დელეგაციის სამი წევრი, ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევის გამო, საქართველოში გუშინ არ შემოუშვეს.