რომან გოცირიძე - „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ შეთანხმების იდეა „ევროპის სახალხო პარტიას“ ეკუთვნის
რომან გოცირიძე - „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ შეთანხმების იდეა „ევროპის სახალხო პარტიას“ ეკუთვნის

„ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის წინასაარჩევნოდ შეთანხმების გაფორმების იდეა „ევროპის სახალხო პარტიას“ ეკუთვნის, – ამის შესახებ დეპუტატმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ევროპის სახალხო პარტიაში“ ხედავენ, რომ საქართველოში კონსოლიდაციის შემთხვევაში, საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შესაძლებლობა არის.

„ვინაიდან, ერთიანი ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენა ვერ მოხერხდა, შეთანხმება აუცილებელი იყო, რომ წინასაარჩევნო პროცესი ინტენსიურად წარიმართოს, რადგან ყველა გამოკითხვით ვხედავთ, რომ ხელისუფლების რეიტინგი მნიშვნელოვნად დაცემულია და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი არსებობს“, – განაცხადა გოცირიძემ.

მისი შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტური აუცილებლად დაინიშნება.

„მეორე ტური აუცილებლად იქნება, მეორე ტურში გასულ ოპოზიციურ კანდიდატს კი, მხარი ერთად უნდა დავუჭიროთ. საარჩევნო პროცესში ერთმანეთს არ გავაკრიტიკებთ და ესეც ლოგიკურია, რადგან საერთო მოწინააღმდეგე გვყავს და  მის სისუსტეებსა და იმ დანაშაულებრივი ქმედებების მხილებაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული, რაც ექვსი წლის მანძილზე ხდებოდა“, – განაცხადა გოცირიძემ.

„ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა სამპუნქტიანი შეთანხმება ბრიუსელში გააფორმეს