მამუკა ბახტაძე - როგორც ჩანს, ზოგიერთი გაწაფულია საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის დეზინფორმაციის მიწოდებაში
მამუკა ბახტაძე - როგორც ჩანს, ზოგიერთი გაწაფულია საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის დეზინფორმაციის მიწოდებაში

ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში და საერთაშორისო რეიტინგებში ჩვენი პოზიციები იყოს ძლიერი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში, დეპუტატ გია გაჩეჩილაძის კითხვის პასუხად განაცხადა.

დეპუტატმა, გია გაჩეჩილაძემ მამუკა ბახტაძეს მიმართა კითხვით, რომ ზოგიერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა არასწორი ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის დახურვის, ტელეკომპანია „იმედის“, ასევე, ჰაერის დაბინძურების შესახებ, შემდეგ კი, ეს არასწორი ინფორმაცია დაკორექტირდა.

„ბატონი გია გაჩეჩილაძის კითხვა იყო, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები აქვეყნებენ გარკვეულ ინფორმაციას, შემდეგ აკორექტირებენ. დიახ, ფაქტია, როგორც ჩანს, ეს ხალხი საქართველოდან არასწორ ინფორმაციას იღებს. როგორც ჩანს, ზოგიერთი გაწაფულია დეზინფორმაციის მიწოდებაში, მაგრამ ჩვენ ამას ვერაფერს ვუზამთ. ჩვენ უნდა მივაწოდოთ მათ ობიექტური ინფორმაცია. უფრო მეტიც, როგორც მე აღვნიშნე, ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში და საერთაშორისო რეიტინგებში ჩვენი პოზიციები იყოს ძლიერი, მათ შორის ისეთ საკითხებზე, სადაც ჩვენ რეალური ჩამორჩენა გვაქვს“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, ეკოლოგია ამის კარგი მაგალითია და მიუხედავად იმისა, რომ ეკოლოგიურ მდგომარეობასთან  დაკავშირებით გამოქვეყნებული ინფორმაცია ჩასწორდა, საქართველოში ჰაერის დაბინძურების პრობლემა რეალურად არსებობს.

„შეიძლება არ არის იმ სიმწვავის, რომელიც თავდაპირველ ვერსიაში იყო, მაგრამ ეს საკითხს აქტუალობას არ უკარგავს. ჩვენ რამდენიმე დღეში წარვადგენთ ახალ ეკოლოგიურ პოლიტიკას“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, საუბარია ახალი სტანდარტების შემოღებაზე, რომელმაც ამ პრობლემის გადაჭრას ხელი უნდა შეუწყოს.

„ერთია, რეიტინგებში რომელ ადგილზე ვართ, მეორეა, რომ ეს არ უნდა გახდეს იმის საბაბი, თვალი დავხუჭოთ კონკრეტულ რეალობაზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში გამოსვლისას, სადაც მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) 2018 წლის ანგარიშში ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის სიდიდის მაჩვენებლით, საქართველო 70-ე ადგილზეა. უწყების ცნობით, გასულ წელს, აღნიშნული მაჩვენებლით, საქართველო მე-4 ადგილზე მოხვდა, რაც არაზუსტი მონაცემების ანალიზის და მოძველებული სტატისტიკის გამოყენებამ განაპირობა.