WHO 2018 წლის ანგარიშში ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლით, საქართველო 70-ე ადგილზეა
WHO 2018 წლის ანგარიშში ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლით, საქართველო 70-ე ადგილზეა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) 2018 წლის ანგარიშში ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის სიდიდის მაჩვენებლით, საქართველო 70-ე ადგილზეა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, გასულ წელს, აღნიშნული მაჩვენებლით, საქართველო მე-4 ადგილზე მოხვდა, რაც არაზუსტი მონაცემების ანალიზის და მოძველებული სტატისტიკის გამოყენებამ განაპირობა.

„აღნიშნული მნიშვნელოვანი ცდომილების დაზუსტების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებს აქტიური კომუნიკაცია ჰქონდათ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან. სამინისტრომ, მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, WHO-ს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ განახლებული და დაზუსტებული ინფორმაცია მიაწოდა; მოხდა ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლის გამოთვლის მეთოდოლოგიის დაზუსტებაც, რის შედეგადაც, 2018 წელს საქართველო მსოფლიო რეიტინგში 70-ე ადგილს იკავებს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციას, რომ  საქართველოში ჰაერის დაბინძურება საგანგაშო არ არის, კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციაც ადასტურებს.

ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ქსელის გაფართოებისა და სხვა ქმედითი ღონისძიებების გატარების მიმართულებით, რათა როგორც დედაქალაქში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობა.