მამუკა ბახტაძე - ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება გეოპოლიტიკას სცდება, ეს ჩვენი ცივილიზაციური და ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანია
მამუკა ბახტაძე - ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება გეოპოლიტიკას სცდება, ეს ჩვენი ცივილიზაციური და ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანია

გერმანია სრულად უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებას ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების  შესახებ, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე „მსოფლიო თავდაყირა 2018“ გამართულ დისკუსიაზე.

კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს დისკუსიის მოდერატორმა, Financial Time-ის მთავარმა რედაქტორმა, ედვარდ ლუისიმ კითხვა თბილისში ვიზიტის დროს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის გზავნილებზე დაუსვა. ლუისიმ აღნიშნა, რომ გემრნაიის კანცრელს თბილისში ვიზიტისას კარგი გზავნილები ჰქონდა, თუმცა ძლიერი გზავნილები არ ჰქონია საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით. Financial Time-ის მთავარი რედაქტორი დაინტერესდა, გერმანიის კანცლერთან პირისპირ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრს ამ მიმართულებით რაიმე დაპირება ხომ არ მიუღია.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ასევე დამოკიდებულია გეოპოლიტიკურ სიტუაციასა და გეოპოლიტიკურ სტატუსკვოზე.

„იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ უნდა მოვამზადოთ საქართველო, ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები, რომ როცა გადაწყვეტილება მომწიფდება, საქართველო სრულად იყოს მზად ევროკავშირისა და ნატო-ს სრულუფლებიანი წევრობისთვის. ჩვენ შერიგებაზე ორიენტირებული მთავრობა ვართ, თუმცა ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ნამდვილ ევროპულ დემოკრატიად ტრანსფორმაციის პროცესი საკმაოდ მნიშვნელოვანია, ასევე ჩვენი ეკონომიკის ტრანსფორმაცია“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მან დისკუსიაზე განაცხადა, საქართველოში არსებული ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის სიღარიბე, მთავრობამ შეძლო  ამ მაჩვენებლის მნიშვნელოვნად შემცირება, თუმცა კვლავ ძალიან მაღალი რჩება.

„ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 20 პროცენტი სიღარიბეში ცხოვრობს.  ამიტომ, პოლიტიკაში გვაქვს გარკვეული კრიტერიუმები, რომლებსაც აქვთ პირდაპირი კავშირი ჩვენს საგარეო მისწრაფებებთან. ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, დასავლური ქვეყნები და ჩვენი პარტნიორები ხედავენ, რომ საქართველო მაქსიმუმს ცდილობს და მეტიც, საქართველო გახდა ლიდერი რეგიონში და ყველა აცნობიერებს ამას. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ პარტნიორი ქვეყნებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი შეფასებით, ეს არის უფრო მეტი, ვიდრე გეოპოლიტიკა.

„ჩვენი არჩევანი არის ცივილიზაციური და ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი – გავხდეთ ევროპული და დასავლური ოჯახი წევრი, რადგან საქართველო ევროპული ცივილიზაციის ორგანული ნაწილია. ჩვენი წარსული ევროპულია, ჩვენი ხედვა ევროპულია, ჩვენი კულტურაც ევროპულია, ღირებულებები ევროპულია, ჩვენი მზადყოფნა, ავაშენოთ დემოკრატიული ინსტიტუტები ჭეშმარიტად ევროპულია და ვცდილობთ, ავაშენოთ ნამდვილი ევროპული დემოკრატია საქართველოში. ასე რომ, ეს გეოპოლიტიკას სცდება“  – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, საქართველო ორგანულად იყო ამ ცივილიზაციის ნაწილი და იმსახურებს ევროატლანტიკური ოჯახის წევრობას.

„როდესაც მეკითხებიან არის  თუ  არა ეს თქვენი გეოპოლიტიკური არჩევანი, ჩემი არგუმენტია – არა, ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება არ არის ჩემი თაობისა და ჩვენი მშობლების თაობის გეოპოლიტიკური არჩევანი. ჩვენ ორგანულად ყოველთვის ვიყავით ამ ცივილიზაციის ნაწილი. ჩვენ ვიმსახურებთ ამ ოჯახის წევრობას“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით, დღეს თბილისში მეოთხე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „მსოფლიო თავდაყირა 2018“ გაიხსნა.