მამუკა ბახტაძე - გადასახადი უნდა გადაიხადოს ყველამ, ტელევიზია არ ნიშნავს, რომ ვინმემ გადასახადი არ უნდა გადაიხადოს
მამუკა ბახტაძე - გადასახადი უნდა გადაიხადოს ყველამ, ტელევიზია არ ნიშნავს, რომ ვინმემ გადასახადი არ უნდა გადაიხადოს

საქართველოში არსებობს დამოუკიდებელი ტელევიზია და მედიაპლურალიზმი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია, რასაც ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე ტელეკომპანია „იბერიასთან“ და „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით კითხვის პასუხად განაცხადა.

პრემიერის თქმით, ის გამოხატავს ღრმა პატივისცემას ნებისმიერი ადამიანის მიმართ, რომელიც თუნდაც ერთ სამუშაო ადგილს ქმნის საქართველოში, თუმცა გადასახადები ყველამ უნდა გადაიხადოს.

„მქონდა შეხვედრა და გვქონდა კომუნიკაცია ამ კომპანიასთან და მის აქციონერებთან. მეორე, ჩვენ ვართ მაქსიმალურად კეთილგანწყობილი და მეგობრული ნებისმიერი სამეწარმეო სუბიექტის მიმართ, განსაკუთრებით როდესაც  ვსაუბრობთ ადგილობრივ წარმოებაზე. კიდევ ერთხელ გამოვხატავ ღრმა პატივისცემას ნებისმიერი ადამიანის მიმართ, რომელიც თუნდაც ერთ სამუშაო ადგილს ქმნის საქართველოში. თითოეულ სამუშაო ადგილს ყველაზე მაღალპრიორიტეტული მნიშვნელობა აქვს, სწორედ აქედან გამომდინარე, მოგეხსენებათ. როგორი პოლიტიკა იყო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხრიდან, თუ სწორად მახსოვს, 11-ჯერ გადაუვადდა ამ კომპანიას შემოსავლების სამსახურის მხრიდან სანქციების გამოყენება, რომელიც ასეთ დროს დგება, მაგრამ ჩვენ დავინახეთ ტენდენცია ძალიან ნეგატიური, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, ორგანიზაციამ კიდევ უფრო გაზარდა ეს დავალიანება“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, „ომეგა ჯგუფში“ შემავალი სიგარეტის მწარმოებელი კომპანია შპს „ოჯთ“-ს  დავალიანებამ მიაღწია თითქმის 51 მილიონ ლარს.

როგორც პრემიერმა განმარტა, თამბაქოს წარმოებას აქვს სააქციზო გადასახადი, რომელიც ყველამ უნდა გადაიხადოს.

„არსებობს დამოუკიდებელი ტელევიზია და მედიაპლურალიზმი არის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი „ქართული ოცნების“ და ჩვენ ამას ძალიან ვუფრთხილდებით. რაც შეეხება თამბაქოს წარმოებას და კომერციულ საქმიანობას, გადასახადი უნდა გადაიხადოს ყველამ და რა თქმა უნდა, ის, რომ აქციონერებს თამბაქოს ბიზნესის და კომერციული საქმიანობის გარდა აქვთ ტელევიზია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გადასახადი ვინმემ არ უნდა გადაიხადოს.

გადასახადი უნდა გადაიხადოს ყველამ და ფინანსთა სამინისტრო, ისევე როგორც შემოსავლების სამსახური უნდა იყოს მაქსიმალურად განწყობილი, რომ თუ დავალიანება დაგროვდა, შეიქმნას გრაფიკი, რომელიც კომპანიას მისცემს საშუალებას, აწარმოოს თავისი საქმიანობა, გადაიხადოს გადასახადებიც და დაფაროს წარსული დავალიანებაც. მიდგომა გახლდათ სწორედ ასეთი და მგონი, ფინანსთა სამინისტრომ და შემოსავლების სამსახურმა გააკეთეს კონკრეტული განმარტება, 11-ჯერ მოხდა გადავადება“, – აღნიშნა ბახტაძემ.

რაც შეეხება „იბერიას“  მიერ გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერს, რომელშიც სავარაუდოდ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ტელეკომპანია „იბერიისა“ და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქრიაშვილს ესაუბრება, მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში არის კანონის უზენაესობა და ხელშეუხებელი არავინაა.

„დარწმუნებული ვარ, შესაბამისი ორგანოები აუცილებლად გადადგამენ ნაბიჯებს, რაც არის გადასადგმელი კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოში ხელშეუხებელი არ არის არავინ, ეს არის ყველაზე მთავარი და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ამის დემონსტრირება არაერთხელ მოახდინა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

7 სექტემბერს ტელეკომპანია „იბერიამ“ საგანგებო განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „იბერიას“ გადაუკეტეს დაფინანსების მთავარი წყარო. კომპანია „ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია „იბერია“, პარალიზებულია.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით,  „ომეგა ჯგუფში“ შემავალი სიგარეტის მწარმოებელი კომპანია შპს „ოჯთ“ არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც ბიუჯეტის წინაშე 50 მილიონ ლარზე მეტი ვალი ერიცხება, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა. თანხის გადაუხდელობის გამო კი, ამჟამად, კომპანიის მიმართ გავრცელებულია იძულებითი ღონისძიებები – ინკასო და ყადაღა.

რამდენიმე დღის წინ კი, „იბერიამ“ სატელეფონო ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც სავარაუდოდ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ტელეკომპანია „იბერიისა“ და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქრიაშვილს ესაუბრება.