ლაშა ჟვანია - როდესაც სალომე ზურაბიშვილი შეუდგება მოვალეობის შესრულებას, შემდეგ შეგვიძლია, ვითანამშრომლოთ ბიუჯეტთან დაკავშირებით პარლამენტსა და მთავრობასთან
ლაშა ჟვანია - როდესაც სალომე ზურაბიშვილი შეუდგება მოვალეობის შესრულებას, შემდეგ შეგვიძლია, ვითანამშრომლოთ ბიუჯეტთან დაკავშირებით პარლამენტსა და მთავრობასთან

ბიუჯეტის ფორმირების პროცესში ამ ეტაპზე ვერ ჩავერთვებით, რადგან პრეზიდენტის ინაუგურაცია ჯერ არ ყოფილა, როდესაც სალომე ზურაბიშვილი შეუდგება თავისი მოვალეობის შესრულებას შემდეგ ამ საკითხზე ვითანამშრომლებთ, როგორც პარლამენტთან, ასევე მთავრობასთან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ლაშა ჟვანიამ განუცხადა, რომელიც სავარაუდოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იქნება.

მისი თქმით, სწორედ ინაუგურაციის შემდეგ ჩამოყალიბდება პროექტები და ხარჯები, რაც ფუნქციების ეფექტიანად შესრულებისთვის იქნება საჭირო.

„საბიუჯეტო პროცესი არის ჩვეულებრივი პროცესი, როდესაც უწყებები ათანხმებენ ფინანსთა სამინისტროსთან, შემდეგში მთავრობასთან ხდება შეთანხმება და პროექტი შედის პარლამენტში, განიხილება და კენჭისყრაზე გადის. ბიუჯეტის ფორმირების პროცესი ახლა მიმდინარეობს და შესაბამისად, მასში დღეს ჩვენ ვერ ჩავერთვებით, რადგან პრეზიდენტის ინაუგურაცია არ ჩატარებულა. როდესაც სალომე ზურაბიშვილი შეუდგება თავისი მოვალეობის შესრულებას, შემდეგ შეგვიძლია, ვითანამშრომლოთ როგორც პარლამენტთან, ისევე მთავრობასთან და ჩამოვყალიბდეთ საჭირო პროექტებსა და ხარჯების შესაბამის გაწერაზე, რომელიც საჭირო იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და მის მიერ ფუნქციების ეფექტიანად შესრულებისთვის“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი განულებულია. ამასთანავე, ადმინისტრაციაში მომუშავეთა რაოდენობა 140-დან 60 ადამიანამდე მცირდება, ხოლო ადმინისტრაციის დაფინანსება – 9,8 მილიონი ლარიდან 6 მილიონ ლარამდე.