ჯამბულატ თედეევი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე - არავითარი პოლიტიკა, იქ იყო უბრალოდ ძმობა
ჯამბულატ თედეევი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე - არავითარი პოლიტიკა, იქ იყო უბრალოდ ძმობა

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის წევრი ჯამბულატ თედეევი ქართველ სპორტსმენებთან ერთად გადაღებულ ფოტოსთან დაკავშირებით პირველ არხთან კომენტარს აკეთებს.

„ვითარება მარტივია. ქართველ ბიჭებთან, მოჭიდავეებთან ყოველთვის ახლო მეგობრობა გვაკავშირებდა და ასე იქნება ყოველთვის. არ გვინდა, რომ ჩვენი წმინდა ურთიერთობები პოლიტიკამ ჩააშხამოს. იქ არავითარი პოლიტიკა არ იყო, იქ იყო უბრალოდ ძმობა. არანაირი პოლიტიკა არ შეგვიშლის ხელს, რომ ვიმეგობროთ, ურთიერთობა გვქონდეს და ამ ურთიერთობებს გავუფრთხილდეთ. ნუთუ არ გვეყოფა ნეგატივი, რომელიც არსებობს“, – განუცხადა თედეევმა პირველ არხს.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ საქართველოს ნაკრების მოჭიდავეები და გუნდის მთავარი მწვრთნელი რუსეთის დროშის ფერებიან მაისურში თედეევთან ერთად დგანან. საქართველოს ჭიდაობის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი იანტბელიძემ პირველ არხთან საუბრისას დაადასტურა, რომ ფოტოზე თავად არის მოჭიდავეებთან ერთად. იანტბელიძე აცხადებს, რომ ჯამბულატ თედეევი საქართველოშია დაბადებული, მათი მეგობარია და სწორედ მის მხარდასაჭერად ჩაიცვეს აღნიშნული მაისურები.