მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელი - ფოტო სამი თვის წინ არის გადაღებული, ეს მაისურები არის სუვენირი და პოლიტიკასთან კავშირში არ არის
მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელი - ფოტო სამი თვის წინ არის გადაღებული, ეს მაისურები არის სუვენირი და პოლიტიკასთან კავშირში არ არის

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ საქართველოს ნაკრების მოჭიდავეები და გუნდის მთავარი მწვრთნელი რუსეთის დროშის ფერებიან მაისურში ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატთან ერთად დგანან. ჯამბულატ თედეევი რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და ცხინვალის ე.წ. პარლამენტის დეპუტატია.

საქართველოს ჭიდაობის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი იანტბელიძემ პირველ არხთან საუბრისას დაადასტურა, რომ ფოტოზე თავად არის მოჭიდავეებთან ერთად. იანტბელიძე აცხადებს, რომ ჯამბულატ თედეევი საქართველოშია დაბადებული, მათი მეგობარია და სწორედ მის მხარდასაჭერად ჩაიცვეს აღნიშნული მაისურები.

„ეს ფოტო დაღესტანში ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას არის გადაღებული. ფოტოზე რუსეთის ჭიდაობის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯამბულატ თედეევია გამოსახული. ეს მაისურები არის სუვენირი, რომელიც ყველა დიდი საერთაშორისო ტურნირის ატრიბუტია. მსგავსი მაისურები იყო თბილისში კარტოზია-ბალავაძის ტურნირზე და რუსეთის ნაკრების თითქმის ყველა წევრი დადიოდა ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მაისურით. ეს პოლიტიკასთან არ არის არანაირ კავშირში. ჯამბულატ თედეევი ჩვენი მეგობარია. ის ყოველთვის და ყველგან ცდილობს, გვიქომაგოს და თუკი რაიმე პრობლემა დგება, ყოველთვის ცდილობს, იყოს ჩვენი ბიჭების მხარდამჭერი. ვიმეორებ, ეს არანაირად არ არის პოლიტიკასთან კავშირში. ეს მეგობრული ფოტოა და მეტი არაფერი“, – აცხადებს გიორგი იანტბელიძე.

იანტბელიძესთან ერთად, ფოტოზე გენო პეტრიაშვილი, ზურაბ იაკობიშვილი და საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი მამუკა არევაძე არიან.

დაღესტანმა თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატს 30 აპრილიდან 6 მაისის ჩათვლით უმასპინძლა. ჯამბულატ თედეევი 1968 წელს ცხინვალის რეგიონში დაიბადა. ის 11 წლიდან ჭიდაობას მისდევს. თავისუფალ ჭიდაობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებულია. მას მიღებული აქვს რუსეთის ფედერაციის სპორტის ოსტატის ჯილდო. 2001—2012 წლებში იყო რუსეთის ჭიდაობის ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, 2016 წლიდან ის კვლავ რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია.